საქართველოს ელჩმა კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

5.12.2018 მექსიკა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ერისთავმა კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. საქართველოს  ელჩმა მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ორმხრივი ურთიერთობები მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან.  

ზურაბ ერისთავმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე. საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით  შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.
ლექციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას და ვიდეო-ფილმებს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაზე, კულტურულ და ეთნო-ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე, მათ შორის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ქართულ ძეგლებზე.

ლექციის დასასრულს,კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ხავიერ ესპინოსა რომერომ სამახსოვრო დიპლომი გადასცა  ზურაბ ერისთავს. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა უნივერსიტეტს გადასცა მექსიკაში, ესპანურ ენაზე გამოცემული საქართველოს ისტორიის წიგნი - “Historia de Georgia”.