საქართველოს ელჩმა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
29.08.2019 ლიბანი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გენერალ მიშელ აუნს.
 
საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი ასევე გადასცა ლიბანის რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯებრან ბასილს. სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ლიბანს და საქართველოს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ბოლო პერიოდში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად იქცა ლიბანის მოქალაქეებისათვის. ხაზი გაესვა, რომ ტურისტების რიცხვის ზრდასთან ერთად გაიზარდა ლიბანელი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. ელჩმა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მოიწვია.
 
ბეირუთში ვიზიტის ფარგლებში შედგა ელჩის შეხვედრა ლიბანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან ჰანი შმაიტელთან. მხარეებმა შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტორიებზე არსებული ვითარება. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვასთან ერთად საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
 
ზაზა კანდელაკმა შეხვედრა ასევე გამართა ლიბანის რესპუბლიკის ტელეკომინიკაციების მინისტრთან მუჰამედ შუეირთან, რომელიც ამავე დროს არის ლიბანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. ლიბანის მხარემ დაინტერესება გამოთქვა გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან, ასევე განავითაროს თანამშრომლობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან.