საქართველოს ელჩმა მონტენეგროს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15.05.2019 მონტენეგრო - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მონტენეგროში (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი) ზაალ გოგსაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა მონტენეგროს პრეზიდენტს მილო ჯიუკანოვიჩს.
 
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩის და მონტენეგროს პრეზიდენტის შეხვედრა.  შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მილო ჯიუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათის მზაობას.
 
თავის მხრივ,  მონტენეგროს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. მილო ჯიუკანოვიჩმა წარმატება უსურვა ზაალ გოგსაძეს  მომავალ საქმიანობაში.
 
მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დარმანოვიჩს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა მონტენეგროს მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. მან კმაყოფილებით გაიხსენა 2018 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და ორ ქვეყნას შორის არსებულ მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება.  
 
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა ევროკავშირთან მონტენეგროს მთავარ მომლაპარაკებელთან ალექსანდარ დრლიევიჩთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ზორან იანკოვიჩთან, მრავალმხრივ საკითხთა დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ივან ივანიშევიჩთან და ორმხრივი საკითხების დირექტორატის დირექტორთან პეტარ პაიკოვიჩთან.
 
შეხვედრებზე განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.