საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის პრინცსა და დიდ მაგისტრს

14.01.2020 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რწმუნებათა სიგელი გადასცა იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენულ სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის  პრინცსა და დიდ მაგისტრს, მის უმაღლესობა ფრა’ ჯაკომო დალა ტორე დელ ტემპიო დი სანგუინეტოს. 

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩისა და ფრა’ დალა ტორეს შეხვედრა, რა დროსაც განხილულ იქნა ორდენსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა დიდ მაგისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრის დასასრულს დიდმა მაგისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა ფრა’ დალა ტორეს საჩუქრად გადასცა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი და წიგნი „შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება“.