საქართველოს კანდიდატი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად ხელმეორე ვადით იქნა არჩეული

2018 წლის 7 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრად იქნა არჩეული, 2019-2022 წლების ვადით. აღსანიშნავია, რომ დოქტორი ლია ნადარაია ამჟამად არის აღნიშნული კომიტეტის წევრი 2015-2018 წლების პერიოდით.

საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი. არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების მიერ წარდგენილი ექსპერტები: საქართველო, აზერბაიჯანი, ალჟირი, ბულგარეთი, ბურკინა ფასო, ეგვიპტე, ესპანეთი, იაპონია, მავრიკი, პერუ, საუდის არაბეთი, ტრინიდადი და ტობაგო.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 23 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულებას. აღნიშნული კომიტეტი ასევე განიხილავს კონვენციის დებულებების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯების თაობაზე კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ პერიოდულად წარდგენილ ანგარიშებს.

უკანასკნელ პერიოდში საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო ძალისხმევაში. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს არჩევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-Women) აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წწ. ვადით და აგრეთვე, ა.წ. მაისში ქართველი კანდიდატის, ბ-ნი ვლადიმერ მკერვალიშვილის არჩევა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) წევრად 2018-2022 წწ. პერიოდით.