საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

 
13.09.2019 - ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ განხილვის შემდეგ გამართულ გენერალურ დებატებში.
 
ვიქტორ დოლიძემ ადამიანის უფლებათა საბჭოს მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოს.
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის  ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო  პროცესსა და დაკავებებზე. ვიქტორ დოლიძემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.
 
“საგანგაშოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება. შემაშფოთებელია ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ოთხი თანამემამულის მკვლელობა გამოიწვია.” - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
 
საქართველო მუდმივმა წარმომადგნელმა ასევე ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებას.
 
ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა  საქართველოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
 
გენერალური დეპატების ფარგლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა  ასევე ყურადღება გაამახვილა ვენესუალეში არსებულ რთულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ ძალადობას სამოქალაქო პირებზე, ასევე ბოლო დროს მადუროს რეჟიმის მიერ, გუაიდოს  დიპლმატების მიმართ განხორციელებულ ადამიანიუს უფლებათა ხელყოფის ფაქტებს.
 
საქართველოს მუდმივი წარმოამდგენელი ასევე შეეხო კლიმატური ცვლილებების საკითხს, რომელიც წარმოადგენს ადამიანი უფლებათა დაცვის კუთხით ძალიან დიდ გამოწვევას. ვიქტორ დოლიძემ დაასასტურა საქართველოს მზადყოფნა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კლიმატური ცვილებების თემზე აქტიურად ჩართულობასთან დაკავშირებით.
 
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 42-ე სესია 9-27 სექტემბერს ჟენევის გაეროს ოფისში იმართება. სესიის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადმგენლობის დიპლომატები სხვადასხვა თემატურ საკითხზე განცხადებას გააკეთებენ.