საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიელ კოლეგას შეხვდა

6.12.2017 ქ. ბრიუსელი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ანჯელინო ალფანოსთან. 

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და იტალიის მეგობრული ურთიერთობები. აღინიშნა რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, მისი პროგრესი ქვეყნის რეფორმირების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც საქართველოს იტალიისთვის გამორჩეულ და სანდო პარტნიორს  ხდის რეგიონში. მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული დაინტერესება გამოიხატა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა იტალიამ უმასპინძლოს საქართველოს ბიზნესმენთა დელეგაციას, ისევე როგორც შეიქმნას ერთობრივი ფორმატები ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობისთვის. 

იტალიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარ მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიმართ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან ძალისხმევას. 
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს იტალიაში, რამაც  ახალი ბიძგი მისცა იტალია-საქართველოს ომხრივ ურთიერთობებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.