საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

12.07.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში: „ეს ყოველთვის პრიორიტეტი იყო და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ კიდევ ერთხელ გაესმევა ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძის წარდგენისას.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს ამ ნდობისთვის. ეს არის დაფასება, ნდობა და ასევე პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დამატებით ასეთი მაღალი პოლიტიკური სტატუსი, ეს ხელს უწყობს საგარეო ასპარეზზე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესს და ეს არის ასევე გაძლიერება და განსაკუთრებული აქცენტი მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტიკისადმი.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.