საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებზე ესაუბრა

11.09.2018 ქ. თბილისი- „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამის მთავრი პრინციპი,  ეს პრიორიტეტი ასახულია  საქართველოს მთავარ დოკუმენტში - საქართველოს კონსტიტუციაში და ასევე პარლამენტის მიერ მიღებულ უამრავ რეზოლუციაში“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა - 2018" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
ევროპელი პარტნიორების წინაშე გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა  ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებისას მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე  გაამახვილა ყურადღება. თუმცა, ზალკალიანის თქმით, „საქართველოს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს, რომელიც სცდება უკვე ხელმოწერილ შეთანხმებებს, კერძოდ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ასოცირების დღის წესრიგს“.
 
როგორც გამოსვლისას მინისტრმა განცხადა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს საბოლოო მიზანი, და დღეს საქართველოს მთავრობისთვის ეს მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა მზადაა ინტენსიურად განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. „სწორედ ეს მიზანი გვეხმარება საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციაში. მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და ოპოზიციას შორის ბევრი განსხვავებული მოსაზრებაა ქვეყნის შიდა მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საქმე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსა და პრიორიტეტებს შეეხება, აქ სრული ერთსულოვნება და კონსენსუსია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 
 
მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში ინტეგრციის პროცესში საქართველოს წარმატებაზე. ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის სამიტის შედეგებზე და უპრეცედენტო უწოდა ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც აისახა მნიშვნელოვანი გზავნილები და გადწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ რიგით მეოთხე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პანელური დისკუსიის სესიის „ევროპული უსაფრთხოების, ევროკავშირისა და ნატოს მომავალი“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.