საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჟოლტ ჩუტორას შეხვდა

19.06.2017 თბილისი - ​2017 წლის 19 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჟოლტ ჩუტორასთან.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობას, რომელიც 2017 წელს აღინიშნება. საიუბილეო თარიღის სათანადოდ წარმოჩენის მიზნით, ჟოლტ ჩუტორამ დააფიქსირა თბილისში უნგრეთის დღეების ორგანიზების სურვილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ აღნიშნული დღეების პროგრამის მომზადებაა, რომლის გამართვასაც უნგრული მხარე მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავს. ხათუნა თოთლაძე მიესალმა აღნიშნულ იდეას და ორგანიზატორებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოში უნგრეთის დღეების მომზადებისა და წარმატებით ჩატარების საქმეში.