საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის ელჩთან საქართველო-იაპონიას შორის მიმდინარე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესი განიხილა

7.11.2018 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.
 
მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ა.წ. სექტემბერში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში,  რაც წარმოადგენს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების კუთხით იაპონიის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-იაპონიას შორის მიმდინარე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების (BIT) მოლაპარაკებების პროცესი. აღინიშნა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში მხარეები დაასრულებენ აღნიშნულ პროცესს. ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა, რომ საინვესტიციო შეთანხმება დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოში იაპონიიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვას.
 
შეხვედრის დასასრულს იაპონიის ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.