საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

2019 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, სენატორ ალენ უპერთან, მის მოადგილესთან, სენატორ ჟაკ ჟენესტთან, მეგობრობის ჯგუფის წევრთან, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან და ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ვერონიკა ბოკესთან. 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. სენატორებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯები, აღნიშნეს საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ, რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია. სენატორები დაინტერესდნენ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ისინი ჩაერთონ კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. შეხვედრაზე მიმოიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და რუსეთის მხრიდან ფორმატის შეფერხების გამუდმებული მცდელობები. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრების ფორმატი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.

მინისტრის მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“-ს დაარსების მნიშვნელობა, რაც განპირობებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში განხორციელებული ვიზიტის შესახებ და ხაზი გაესვა ორმხრივი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შენარჩუნებას.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ფრანგ სენატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების შესახებ. ასევე, მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირთის თანამშრომლობა. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლის, ასევე, ასოცირების შეთანხმებისა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე მიესალმა საფრანგეთის სენატიდან და ეროვნული ასამბლეიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ ვიზიტებს და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.