საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 42-ე სესიაში

2019 წლის 26 სექტემბერს ქ. ჟენევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 42-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიშის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ განხილვა.

თავის გამოსვლაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს გააცნო უკანასკნელ პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფლების გუგუთიანთკარისა და ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს. აღინიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების პროცესს და აფერხებს როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. აქვე, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

მიხეილ ნინუამ თავის გამოსვლაში შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში სიკვდილით დასჯის შემოღებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის  ანგარიში მომზადებულ იქნა 2019 წლის 22 მარტს HRC-ის მიერ მიღებული რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ საფუძველზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დეტალურად მიმოიხილავს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებულ მძიმე  ვითარებას. 

სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი მოუწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე. 
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, გერმანიის,  ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, საფრანგეთის, მონტენეგროს, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთისა და პოლონეთის დელეგაციებმა.
დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს. მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე,  ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სიკვდილის დასჯის შემოღებაზე. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნეს ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებისათვის შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მარტში მიღებული რეზოლუცია და ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება კვლავაც რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს  ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი უმთავრესი ორგანოს დღის წესრიგში.