საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

14.09.2017 თბილისი -   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ტადაჰარუ უეჰარასთან. 

დავით ზალკალიანი მიესალმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიის დაწყებას და მასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველო-იაპონიის მჭიდრო კავშირების შემდგომ განმტკიცებას, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე კერძო სექტორში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მხარეები მიესალმნენ 2017 წელს საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ფარგლებში თბილისსა და ტოკიოში გამართულ ღონისძიებებს და  მაღალი დონის ვიზიტებს, რაც განსაკუთრებით უწყობს ხელს არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პროცესს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაზრდის მნიშვნელობას. მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩთან განიხილა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამ კუთხით მიღწეული შედეგები. ტადაჰარუ უეჰარას ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.