საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა კვლევითმა ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

23.10.2017 ქ. ლონდონი - ​ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის უორდროპის დიალოგის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და  ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. 

დოკუმენტს “უილტონ პარკის” გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის აღმასრულებელი სააგენტოს სახელით ხელი მოაწერა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაილს უიკსტედმა, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა სახის გლობალური თუ რეგიონული ღონისძიებებისა და დისკუსიების ორგანიზებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიც არის გლობალური მმართველობა, ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური საკითხები, საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა, კონფლიქტის დარეგულირება, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ვაჭრობა და ინვესტიციები.

მემორანდუმში ხაზგასმულია უილტონ პარკსა და საქართველოს შორის წარსული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ორ უწყებას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.