საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპულ საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრს

13.07.2017 ბათუმი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ევროპულ საკითხებში საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ჯორჯ კატრუგალოსთან, რომელიც ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მონაწილეობს.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ  ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დღის წესრიგზე, მათ შორის ქართული მხარის მოლოდინებზე ნოემბერში დაგეგმილ “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.