საქართველოსა და ბელარუსს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი

 22.03.2018 .თბილისი - საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ.

ღონისძიება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდგომ გაიმართა. 

ხელმოწერის ცერემონიის დასრულებისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლა მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედებდა.

ბელარუსის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ  ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ბელარუს კოლეგასთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე.