საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უახლოეს დღეებში ამოქმედდება

7.03.2018 ქ. ბელგრადი - ​საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უახლოეს დღეებში, შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულებამდე ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით მთავრობა შესაბამის განკარგულებას უახლოეს სხდომაზე გამოსცემს. 

საქართველოსა და სერბეთს შორის ორდინარული პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ბელგრადში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სერბმა კოლეგამ ივიცა დაჩიჩმა მოაწერეს. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ უვიზო მიმოსვლისესახებ შეთანხმებას, ხვალვე სერბეთის მთავრობა გამონაკლისის სახით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საქართველოს მოქალაქეებს, საპარლამენტო პროცედურების დასრულებამდე ექნებათ საშუალება უვიზოდ იმოგზაურონ სერბეთში, როგორც ეს თავის დროზე სერბეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ გააკეთა“ - აღნიშნა ივიცა დაჩიჩმა.

მინისტრებმა ასევე გაახმოვანეს გადაწყვეტილება თბილისსა და ბელგრადში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, რაც სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნამდე მოემსახურება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა სერბეთისა და საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერობები. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სერბეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერბეთს მტკიცე პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა სერბეთის ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს მტკიცე პოზიცია, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ გააგრძელოს ურთიერთობები, მათთვის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით.

ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია სქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. მინდასევე სერბი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“ - განაცხადა სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერობების განვითარების პერსპექტივები, ამ მხრივ დადებითად შეფასდა სექტორული თანამშრომლობა, მათ შორის  მხარეები მიესალმნენ სერბეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების შესახებ ჩარჩო შეთანხმების გაფორმებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ხაზი გაესვა წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით ორი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას. სერბეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს წარმატებული ეკონომიკური რეფორმები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა სერბეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული წარმატება და აღნიშნა, რომ ევროპული გზა და ევროკავშირის წევრობა, როგორც ორივე ქვეყნის ხალხის მტკიცე არჩევანი უაღრესად მნიშვნელოვანია და ორივე ქვეყანა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გვაქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხზე, ასევე ვაფასებთ სერბეთის პრინციპულ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და საერთაშორისო პოზიციების დაცვით. მოხარული ვართ სერბეთის წარმატებით ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ევროპული მომავალი და ევროკავშირის წევრობა, რაც არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება, მნიშვნელოვანია და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.