შეხვედრა კონსტრუქციულად ჩატარდება, ისე როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას - დავით ზალკალიანი

14.05.2019 - “დღეს უკვე ჩემი მოადგილე სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ხვდება აზერბაიჯანულ მხარეს,  ეს არის პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებს შორის, ეს არ არის კომისიის შეხვედრა. მე იმედი მაქვს, რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდება, ისე როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“- ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბაქოში ქართულ და აზებაიჯანულ მხარეებს შორის მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მისი თქმით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები დღიდან საკითხის წამოწევისა მუდმივ კოორდინაციასა და კომუნიკაციაში იმყოფებიან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავოს თემის ირგვლივ ემოციური ქმედებებისგან.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული მდგომარეობა არ იქნას გამოყენებული ცალკეული მხარეების მიერ. „ არ შეიძლება, რომ ვინმემ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, აქ დამარცხებული იქნება საქართველო, დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, იხეირებს ის ძალა, რომელსაც, ძალიან სურს, რომ გააღვივოს  მწვავე ურთიერთობა. მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის ოკუპირებული  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება“. -აღნიშნა მინისტრმა.