შვედეთის ახალი მოწვევის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

15.05.2019 შვედეთი -  შვედეთის ახალი მოწვევის პარლამენტში, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ.

შეხვედრის ფარგლებში მალხაზ კაკაბაძემ  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან შვედ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, საქართველოს მიერ  განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

მალხაზ კაკაბაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოს ისტორიის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შვედმა დეპუტატებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დინამიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის მიმართ.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ შვედეთის საკანონმდებლო ორგანო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აღნიშნული მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.