სიიარტო: განსაკუთრებით მინდა გამოვყო მიხეილ ჯანელიძის პირადი ძალისხმევა ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე

17.03.2017 თბილისი - ​„საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა. თქვენ შეასრულეთ ყველა მოთხოვნა, გაამართლეთ ყველა მოლოდინი. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ  უვიზო მიმოსვლა,  მაგრამ მარტის ბოლოს  ეს უკვე შესაძლებელი გახდება და იმედი გვაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დაბადების დღისთვის, თქვენ უკვე გექნებათ უვიზო მიმოსვლა. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მიხეილ ჯანელიძის პირადი ძალისხმევა ამ მიმართულებით“- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტისას ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მან ხაზი გაუსვა უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის მიმდინარეობის მთელს პროცესში.

პიტერ სიიარტო საქართველოს 17 მარტს ეწვია, რა დროსაც გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.