სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა

11.09.2017 ქ.ერევანი - 11 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-სომხური თანამშრომლობის შესახებ  და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. ამ კონტექსტში განიხილეს მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურობა წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას არსებული ურთიერთობის განხილვისა და მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს  ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში გამოჩენილი მხარდაჭერისათვის.

დამატებით, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ ჯანელიძემ განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ქართულ-სომხური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები.