თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტის შესახებ

15.11.2019 ქ. თბილისი-  14-15 ნოემბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იავუზ სელიმ ქირანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.

საგარეო საქმეთა სამინისტროში, 15 ნოემბერს გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლაშა დარსალიასთან, რის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობაზე.  მხარეებმა ასევე აღნიშნეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. დადასტურდა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საკონსულო კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებების საკონსულო დეპარტამენტების წარმომადგენლებს შორის. კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის საკონსულო სფეროში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის.

შეხვედრისას, გამოითქვა სურვილი ორი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.
მხარეები შეთანხმდნენ, საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე,  ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

იავუზ სელიმ ქირანი ხანმოკლე შეხვედრით მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

14 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში, რომლებიც მიეძღვნა საქართველოდან გასული საუკუნის 40-იან წლებში მოსახლეობის დეპორტაციის 75-წლისთავს, რაც განხორციელდა ყოფილი სსრკ-ს  ხელისუფლების გადაწყვეტილებით. თურქულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მხარის ქმედებები დეპორტირებული მოსახლეობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.