ურუგვაიში საქართველოს ელჩმა ლექცია - „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები“ წაიკითხა

18.07.2019 ურუგვაი- ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა ურუგვაის დიპლომატიურ აკადემიაში (IASE -Instituto Artigas del Servicio Exterior) ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები“.
 
ლექციის ფარგლებში, ირაკლი ყურაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე დეოკუპაციის მიმართულებით, რეგიონში საქართველოს გეოსტრატეგიულ და როგორც რეგიონების დამაკავშირებელი ცენტრის/ჰაბის პოზიციაზე, ეკონომიკურ დიპლომატიასა და საქართველო-ურუგვაის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებზე.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ურუგვაის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა, ელჩმა პაბლო სადერმა, რომელმაც ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველო-ურუგვაის ორმხრივ ურთიერთობებში გამოკვეთილი მზარდი დინამიკის შესახებ  და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ურუგვაიში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს და ასევე ურუგვაიში საქართველოს ელჩის აქტიურ ძალისხმევას.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი კარლოს ჯიტო, საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარი მრჩეველი რამირო როდრიგესი, ურუგვაის საგარეო უწყების სტაჟიანი და დამწყები დიპლომატები და მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხორხელინა სანჩეს-კორეს ნაკაშიძე.