ვახტანგ მახარობლიშვილი ქრისტიან დანიელსონს და თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა

13.09.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელთან, ქრისტიან დანიელსონთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან, თომას მაირ-ჰარტინგთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს  თანამშრომლობის  აქტუალური საკითხები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ურთიერთობების დინამიკა, ასევე საქართველოში ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა.
 
ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ასოცირების დღის წესრიგის“ უახლოეს პერიოდში დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში დიალოგის გაღრმავების პერსპექტივებზე.
 
აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და მისი უწყვეტი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.