ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

18.05.2017, თბილისი - 2017 წლის 18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საელჩოს სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
 
მიღებაზე, რომელიც ნორვეგიის სამეფოს ეროვნული, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 
თავის სიტყვაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა კონსტიტუციის დღის მნიშვნელობა ნორვეგიელი ხალხისთვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 1814 წლის 17 მაისს მიღებული კონსტიტუცია 200 წელზე მეტია მოქმედებს.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ საქართველო და ნორვეგია 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ხაზი გაუსვა, რომ ნორვეგია პირველი სკანდინავიური ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მან ასევე გამოხატა მადლიერება, ნორვეგიის მიერ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და დასძინა, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველო და ნორვეგია აღრმავებენ როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის მეგობრობას.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის სიტყვაში ისაუბრა ნორვეგიაზე, როგორც შესანიშნავ მოდელზე პოლიტიკური სტაბილურობისა და სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით საქართველოსათვის, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. 
 
თავის სიტყვაში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბარდ ივან სვენდსენმა გამოყო საქართველოსა და ნორვეგიას შორის აქტიური და ძალზე ნაყოფიერი თანამშრომლობა ენერგეტიკის, განათლების, ეკონომიკის, თავდაცვისა და სხვა სფეროებში.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის ძალისხმევას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საქმიანობაში და აღნიშნა, რომ ნორვეგია საქართველოში წარმოდგენილია ორი ოფიცრის სახით, მათ შორის პროექტის ლიდერის.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოსა და ნორვეგიის განსაკუთრებული მეგობრობის შესახებ და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა იზიარებს საერთო ფასეულობებს და ისტორიული და კულტურული ევოლუციის თვალსაზრისით ევროპის ოჯახს მიეკუთვნება.
 
სიტყვის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მომავალში, კიდევ უფრო მყარი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მან ასევე კიდევ ერთხელ მიულოცა ნორვეგიას ეროვნული დღესასწაული და ნორვეგიელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.