ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

14 ნოემბერი - წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 13-14 ნოემბერს, პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ბრაიან ფარელმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გახსნეს.  

ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც რომის კურიის და წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საქართველოთი დაინტერესებული მკვლევარები ესწრებოდნენ,  მოხსენებებით წარდგნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.  

კონფერენციის დაწყებამდე, ლოცვა აღევლინა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში (წინამძღვარი: არქიმანდრიტი იოანე (ხელაია), ხოლო 14 ნოემბერს კონფერენციის მონაწილეები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ გენერალურ აუდიენციაზე რომის პაპ ფრანცისკეს მიესალმნენ.​