ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან

2018 წლის 4 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად.

სხდომაზე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიხატეს სრული მზაობა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისაკენ.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება 2019 წლის მარტში საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას. შეხვედრაზე მხარების მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აზოვსა და შავ ზღვებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

ალიანსის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ალიანსს შორის ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც აისახა ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში და გულისხმობს მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალების მონაწილეობით და სხვა. საქართველომ გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს ღონისძიებებში.

ალიანსის წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ საქართველოს როგორც ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში; საქართველო წარმოადგენს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის და პირველ ადგილზეა აღნიშნული მაჩვენებლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური როლი რეგიონში.