დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki2017“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით, გუდაურში 2017 წლის 11 მარტს პირველად გაიმართა დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა.

ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ #dipski2017 მიზნად ისახავდა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo).

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ იყო, რომელმაც დიპლომატებისთვის საშეჯიბრო სათხილამურო გზა მოაწყო და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან ერთად, დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის ფარგლებში, სასტუმრო „გუდაური ინნ“ გახსნა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის “უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში აშენდა. მინისტრმა და ელჩებმა გუდაურში „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში აშენებული კიდევ ერთი სასტუმრო „კვადრო“ მოინახულეს.