აღნიშნული პროგრამის პროექტი არის განხილვის მეორე ეტაპზე. გთხოვთ, პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები 7 ივლისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: diaspora@mfa.gov.ge

„ერთიანი, ძლიერი,
სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“

პროგრამის პროექტი

1. შესავალი

დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მზარდი ტენდენციის პირობებში, როდესაც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 600,000 ადამიანითაა შემცირებული[1], საქართველოდან გადინებული ადამიანისეული კაპიტალის დაბრუნება  ქვეყნის განვითარებისათვის უაღრესად ფასეულია.

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ფულადი გზავნილებით, დიასპორული ინიციატივებით, ქველმოქმედებითა და მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისების გზით ღირებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. გამომდინარე აქედან, დიასპორის პოტენციალის მიზნობრივად და ეფექტიანად მიმართვის ხელშეწყობა სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

ქართველ თანამემამულეებს თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვთ ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის შექმნას. დიასპორასა და მიმღები სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობებით  საქართველო ათასობით მეგობარსა და მხარდამჭერს იძენს, რაც განაპირობებს ქართული დიასპორის ფასდაუდებელ როლს სახალხო დიპლომატიაში.

2. პროგრამის მიზანი

ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების განსაკუთრებული  მნიშვნელობიდან გამომდინარე,   საგარეო საქმეთა სამინისტროს წინამდებარე პროგრამის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

3. პროგრამის ამოცანები

პროგრამით დასახული მიზნის მისაღწევად საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ინტერესების განხორციელებას, გადადგამს ქმედით ნაბიჯებს თანამემამულეთა უფლებების რეალიზაციის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის, განავითარებს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებულ ისეთ მდგრად კავშირს, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობებზე მაქსიმალურ წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან გახორციელებას უზრუნველყოფს და წაახალისებს თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესს.

აღნიშნული ამოცანების განხორციელებას საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს  შესაბამის სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან  და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

3.1. თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა

აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

  • დიასპორის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების ერთობლივად დასახვა;
  • დიასპორაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული პროექტების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;
  • დიასპორის შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით  დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა;
  • რეგულარული შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან;
  • თანამემამულეებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების, წინადადებების, პროექტების შემუშავებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი  საქმიანობის გასააქტიურებლად, როგორც ორგანიზაციულად – დიასპორის წევრებს შორის, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • საზღვარგარეთ თანამემამულეთა დარგობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან მათი დაკავშირება;
  • დარგობრივი გაერთიანებების მეშვეობით საზღვარგარეთ მოღვაწე პროფესიონალთა დაკავშირება საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან;
  • ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს  საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით სხვადასხვა სფეროში ახალი იდეების გაჩენასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას;
  • ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიასპორული სპორტული და ინტელექტუალური თამაშების ორგანიზების  გზით დიასპორაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ქართველებს შორის ურთიერთობათა ინტენსიფიკაციის ხელშეწყობა.

3.2  თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა

3.2.1  თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა

  • აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
  • დიასპორის წარმომადგენლებისათვის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, რომლის დახმარებითაც მოხდება პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;
  • საზღვარგარეთ დიასპორის წარმომადგენლებისათვის სამედიცინო აქციების, ექიმების ჯგუფის გაგზავნის, უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და მკურნალობის  ხელშეწყობა; 
  • თანამემამულეებისათვის მშობლიურ ენაზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა; 
  • თანამემამულეებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიგრანტებისათვის საჭირო ინფორმაცის მიწოდება;
  • ადგილსამყოფელ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • ადგილსამყოფელი ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენა და დაფასება.

3.2.2  ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება

აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: 

  • საკვირაო სკოლების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და იდეური მხარდაჭერა;
  • ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის ხელშეწყობა;
  • საკვირაო და ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს შორის ქართული ენის ოლიმპიადის ორგანიზება და  გამარჯვებულების საქართველოში მოგზაურობით დაჯილდოება; 
  • საკვირაო და ქართულ ენოვან   სკოლებში პედაგოგთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ორგანიზების, სერტიფიცირებისთვის აუცილებელი კურიკულუმებისა და პროგრამების მომზადების, პედაგოგთა პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა;
  •  საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში თანამემამულეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეების მხარდაჭერა;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაცია საქართველოში;
  • საქართველოში მოქმედი თეატრალური დასების, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლებისა და ცალკეული მუსიკოსების გასტროლების ხელშეწყობა დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

3.2.3  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა

აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

  • თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა;
  • დიასპორული ორგანიზაციების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მოპოვება;
  • დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება;
  • დიასპორული ორგანიზაციების  მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტრენინგების ორგანიზება დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად;
  • დიასპორულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

3.3. სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული  მდგრადი კავშირის განვითარება

აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

  • დიასპორის საკითხებზე მომუშავე დიპლომატებისთვის სპეციალიზებული ტრენინგების ჩატარება;
  • საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • თანამემამულეებისათვის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის  ვებპორტალის აპლიკაციის შექმნისა და მისი მეშვეობით მზარდი ინფორმაციული ნაკადის ერთმანეთში გაცვლის ხელშეწყობა;
  • დიასპორული პროექტებისა და თანამემამულეებისათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიულად უზრუნველყოფა;
  •  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერების,   საქართველოს სამეცნიერო სივრცის  გავითარებაში ჩართულობის ხელშეწყობა;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება;
  • დიასპორის ჩართულობის ზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაში, ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში და ქართული პროდუქციის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ექსპორტის წახალისებაში;
  • უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების, აგრეთვე, მათი დახმარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვისა და საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაში დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზების, სამშობლოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოპულარიზაციაში აქტიური ჩართულობის მიზნით,   „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის არეალის გაფართოება;
  • სამშობლოში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით, დიასპორული სტაჟირების პროგრამის გაფართოება;
  • სახალხო დიპლომატიის მექანიზმის აქტიური ამოქმედებისათვის ხალხთაშორისი მეგობრობის პროგრამების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა;
  • უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეებისა და უცხოელი მეგობრების მიღწევებისა და საქართველოს მიმართ გაწეული ღვაწლის აღიარების, დაფასებისა და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობის გაგრძელების დამატებითი მოტივაციისათვის  დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების დაჯილდოება;
  • ყოველწლიური, სპორტული, დიასპორული „ოლიმპიადის“ ორგანიზება საქართველოში;
  • დიასპორული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • „ქართული დიასპორის დღის“ - 27 მაისის  აღნიშვნა.

3.4. სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა

აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად,  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

  • საქართველოში მოქმედი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ ინფორმაციის აქტიურად მიწოდება;
  • ახალი სარეინტეგრაციო პროგრამების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

[1] საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია. გვ.4.