JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
კანონმდებლობა
კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ
სამინისტროს დებულება
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი
საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ
საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
საგანგებო დავალებათა ელჩები
საქართველოს მისიები საზღვარგარეთ
საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ
ბიუჯეტი
ტენდერები
ადამიანური რესურსების მართვა
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები
ქართული დიპლომატიის ისტორია
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share

ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ

 

დადებულია ვენაში, 1961 წლის 18 აპრილს

სახელმწიფოები, ამ კონვენციის მხარეები,

აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს,

მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს-სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას,

დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად,

შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები,

ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1
ამ კონვენციაში გამოყენებული ტერმინები ნიშნავს:
ა)"წარმომადგენლობის მეთაური" არის პირი, რომელსაც მააკრედიტებელი სახელმწიფო ავალებს იმოქმედოს ასეთმა;
ბ)"წარმომადგენლობის თანამშრომლები" არიან წარმომადგენლობის მეთაური და წარმომადგენლობის პერსონალის წევრები;
გ)"წარმომადგენლობის პერსონალის წევრები" არიან წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის წევრები;
დ)"დიპლომატიური პერსონალის წევრები" არიან წარმომადგენლობის პერსონალის წევრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატის რანგი;
ე)"დიპლომატიური აგენტი" არის წარმომადგენლობის მეთაური ან წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრი;
ვ)"ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრები" არიან წარმომადგენლობის პერსონალის წევრები, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ წარმომადგენლობას;
ზ)"მომსახურე პერსონალის წევრები" არიან წარმომადგენლობის პერსონალის წევრები, რომლებიც წარმომადგენლობას ემსახურებიან;
თ)"კერძო შინამუშაკი" არის პირი, რომელიც წარმომადგენლობის თანამშრომლის შინა მუშაკი მოვალეობას ასრულებს და მააკრედიტებელი სახელმწიფოს მოსამსახურეს არ წარმოადგენს;
ი)"წარმომადგენლობის კარ-მიდამო" ნიშნავს შენობებს ან შენობათა ნაწილებს, რომლებსაც წარმომადგენლობის მიზნებისათვის იყენებენ, მათ შორის წარმომადგენლობის მეთაურის რეზიდენციას, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის მათი საკუთრების უფლება, მათ შორის ამ შენობის თუ შენობის ნაწილის მომსახურე მიწის ნაკვეთი.

მუხლი 2
სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა დაფუძნება ხდება ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 3
1.დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ფუნქციებია, კერძოდ:
ა)მააკრედიტებელი სახელმწიფოს წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ბ)მააკრედიტებელი სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში;
გ)მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოს მთავრობასთან;
დ)ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პირობებისა და ამბების გამორკვევა ყოველგვარი კანონიერი საშუალებებით და მააკრედიტებელი სახელმწიფოს  მთავრობისათვის მათი შეტყობინება;
ე)მააკრედიტებელი სახელმწიფოს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობის წახალისება და ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების დარგში მათი ურთიერთობის განვითარება.
2.ამ კონვენციის არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს იგი დაბრკოლებას უქმნიდეს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო ფუნქციების შესრულებაში.

მუხლი 4
1.მააკრედიტებელი სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფო დათანხმდა იმ პირს, რომლის აკრედიტებასაც აპირებს, ამ სახელმწიფოში წარმომადგენლობის მეთაურად.
2. ადგილსამყოფელ სახელმწიფო ვალდებული არ არის ამცნოს მააკრედიტებელ სახელმწიფოს თანხმობაზე უარის თქმის მიზეზი.

მუხლი 5
1.მააკრედიტებელ სახელმწიფოს, შესაბამისი ადგილსამყოფელ  სახელმწიფოსთვის სათანადო შეტყობინების შემდეგ, შეუძლია წარმომადგენლობის მეთაური, ან დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი, გარემოებათა მიხედვით, დანიშნოს ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში, თუ რომელიმე ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება.
2. თუ მააკრედიტებელი სახელმწიფო წარმომადგენლობის მეთაურს ერთ ან რამდენიმე სხვა სახელმწიფოში ნიშნავს, მას შეუძლია ყოველ სახელმწიფოში, სადაც წარმომადგენლობის მეთაურს მუდმივი ადგილსამყოფელი არა აქვს, დააფუძნოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი, რომლებსაც სათავეში ჩაუდგებიან დროებითი საქმეთა რწმუნებულები.
3.წარმომადგენლობის მეთაური ან წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი შეიძლება მოქმედებდეს როგორც მააკრედიტებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში. 

მუხლი 6
ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შეუძლია ერთი და იგივე პირი დანიშნოს სხვა სახელმწიფოში წარმომადგენლობის მეთაურად, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება.

მუხლი 7
მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 მუხლებში გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მააკრედიტებელ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია დანიშნოს წარმომადგენლობის პერსონალის წევრები. რაც შეეხება სამხედრო, საზღვაო თუ საავიაციო ატაშეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს, რომ მათი ვინაობა წინასწარ გააცნონ მას თანხმობის მისაღებად.

მუხლი 8
1.წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრები, პრინციპული თვალსაზრისით, მააკრედიტებელი სახელმწიფოს მოქალაქენი უნდა იყვნენ.
2.წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრები ვერ დაინიშნებიან იმათთაგან, ვინც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეა, თუ არ იქნა ამ სახელმწიფოს თანხმობა, ამავე დროს ეს თანხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს.
3.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია იგივე უფლება დაიტოვოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმავდროულად, მააკრედიტებელი სახელმწიფოს მოქალაქენი არ არიან.

მუხლი 9
1.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად, ამცნოს მააკრედიტებელ სახელმწიფოს, რომ წარმომადგენლობის მეთაური ან წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის რომელიმე წევრი პერსონა ნონ გრატა-ა, ან წარმომადგენლობის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი მისთვის მიუღებელია. მაშინ მააკრედიტებელი სახელმწიფო მოვალეა შესაბამისად გაიწვიოს აღნიშნული პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები წარმომადგენლობაში. ესა თუ ის პირი, შეიძლება ნონ  გრატა ან მიუღებლად გამოცხადდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლამდე.
2.თუ მააკრედიტებელი სახელმწიფო უარს იტყვის შეასრულოს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს თავის მოვალეობას, რომელსაც ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტი, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია არ ცნოს აღნიშნული პირი წარმომადგენლობის თანამშრომლად.

მუხლი 10
1.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელთანაც არსებობს მორიგება, უნდა ემცნოს:
ა) წარმომადგენლობის თანამშრომელთა დანიშვნა, მათი ჩასვლა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოდან სამუდამო წასვლა ან წარმომადგენლობაში მათი ფუნქციების შეწყვეტა;
ბ) წარმომადგენლობის თანამშრომელის ოჯახის წევრის ჩამოსვლა ან სამუდამო წასვლა და სათანადო შემთხვევაში ისიც, რომ ესა თუ ის პირი წარმომადგენლობის თანამშრომელის ოჯახის წევრი ხდება ან აღარ არის მისი ოჯახის წევრი;
გ) იმ კერძო შინამუშაკების ჩასვლა და საბოლოო წასვლა, რომლებიც ამ პუნქტის "ა" ქვეპუნქტში მოხსენიებულ პირებთან მსახურობენ, და სათანადო შემთხვევებში-ასეთ პირებთან მათი სამსახურის შეწყვეტა;
დ) იმ პირთა დაქირავება და დათხოვნა, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ როგორც წარმომადგენლობის თანამშრომლები ან შინამუშაკები და აქვთ პრივილეგიებისა და იმუნიტეტების უფლება.
2.ჩასვლის და საბოლოო წასვლის შეტყობინება, შეძლებისდაგვარად, ასევე წინასწარ უნდა ხდებოდეს.

მუხლი 11
1.თუ წარმომადგენლობის პერსონალის რაოდენობის თაობაზე კონკრეტული შეთანხმება არა აქვთ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს წარმომადგენლობის პერსონალის რაოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც მას გონივრულად და ნორმალურად მიაჩნია ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული გარემოებების, პირობებისა და მოცემული წარმომადგენლობის მოთხოვნილების შესაბამისად.
2.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე, ამავე საფუძველზე და უდისკრიმინაციოდ, უარი თქვას რომელიმე გარკვეული კატეგორიის თანამდებობის პირთა მიღებაზე.

მუხლი 12
მააკრედიტებელ სახელმწიფოს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს წინასწარი, მკაფიოდ გამოთქმული თანხმობის გარეშე, არ შეუძლია თვით წარმომადგენლობის ბინადრობის გარდა სხვა დასახლებულ პუნქტებში გახსნას კანცელარიები, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაწილს შეადგენენ.

მუხლი 13
1.ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც ერთგვაროვნად უნდა გამოიყენებოდეს, წარმომადგენლობის მეთაური თავისი ფუნქციების შემსრულებლად ჩაითვლება ან თავისი რწმუნებათა სიგელების წარდგენის მომენტიდან, ან თავის ჩამოსვლის შეტყობინებისა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის, თუ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა სამინისტროსათვის რწმუნებათა სიგელების დამოწმებული ასლების წარდგენის მომენტიდან.
2.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ან მათი დამოწმებული ასლების წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს წარმომადგენლობის მეთაურის ჩასვლის თარიღი და საათი.

მუხლი 14
1.წარმომადგენლობათა მეთაურები განიყოფებიან სამ კლასად, სახელდობრ:
ა)ელჩებისა და ნუნციების კლასი, რომლებიც აკრედიტებული არიან სახელმწიფოთა მეთაურებთან, და ექვივალენტური რანგის სხვა წარმომადგენლობათა მეთაურები;
ბ)დესპანებისა და ინტერნუნციების კლასი, რომლებიც აკრედიტებული არიან მთავრობის მეთაურებთან;
გ)საქმეთა რწმუნებულები, რომლებიც აკრედიტებული არიან საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
2.უფროს-უმცროსობისა და გათვალისწინებული ეტიკეტის გარდა არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს წარმომადგენლობის მეთაურთა მიმართ დამოკიდებულებაში იმის გამო, რომ ისინი ამა თუ იმ კლასს განეკუთვნებიან.

მუხლი 15
კლასს, რომელსაც უნდა მიეკუთვნონ წარმომადგენლობათა მეთაურები, განსაზღვრავს სახელმწიფოთა შეთანხმება.

მუხლი 16
1.შესაბამისი კლასის წარმომადგენლობათა მეთაურების უფროს-უმცროსობას განსაზღვრავს თარიღი და საათი, როცა ისინი შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას მე-13 მუხლის თანახმად.
2.წარმომადგენლობის მეთაურის რწმუნებათა სიგელებში შეტანილი ცვლილებები, რომლებსაც თან არ სდევს კლასის შეცვლა, გავლენას არ ახდენს მის უფროს-უმცროსობაზე.
3. ეს მუხლი არ ხელყოფს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებულ პრაქტიკას ვატიკანის წარმომადგენლის უფროს-უმცროსობის მიმართ.

მუხლი 17
წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრთა უფროს-უმცროსობას წარმომადგენლობის მეთაური ამცნობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელთანაც არსებობს მორიგება.

მუხლი 18
წარმომადგენლობის მეთაურის მიღებისას თითოეულ სახელმწიფოში დამკვიდრებული წესი ერთნაირი უნდა იყოს ყოველი კლასის მიმართ.

მუხლი 19
1.თუ წარმომადგენლობის მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, ან წარმომადგენლობის მეთაური ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, წარმომადგენლობის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია დროებითი საქმეთა რწმუნებული, დროებითი საქმეთა რწმუნებულის გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელთანაც არსებობს მორიგება, ატყობინებს ან წარმომადგენლობის მეთაური, ან თუ მას არ ძალუძს ამის გაკეთება, მააკრედიტებელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2. როცა წარმომადგენლობის არც ერთი დიპლომატიური თანამშრომელი არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მააკრედიტებელ სახელმწიფოს შეუძლია ადგილსამყოფელ სახელმწიფოს თანხმობით, წარმომადგენლობის მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეთა გაძღოლისათვის პასუხისმგებლად დანიშნოს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრი.

მუხლი 20
წარმომადგენლობას და მის მეთაურს უფლება აქვთ მააკრედიტებელი სახელმწიფოს დროშა და ემბლემა გამოფინონ წარმომადგენლობის შენობებზე, მათ შორის წარმომადგენლობის რეზიდენციაზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებზე.

მუხლი 21
1.ადგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალეა ხელი შეუწყოს მააკრედიტებელ სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე, თავისი კანონების შესაბამისად, წარმომადგენლობისთვის საჭირო შენობების შეძენაში, ან დაეხმაროს რაიმე სხვა გზით შენობათა მიღებაში.
2.საჭიროების შემთხვევაში იგი აგრეთვე მოვალეა დაეხმაროს წარმომადგენლობებს თანამშრომლებისათვის საჭირო შესაფერისი ბინების მიღებაში.

მუხლი 22
1.წარმომადგენლობის ნაგებობანი ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფალთ უფლება არა აქვთ შევიდნენ ამ შენობებში, თუ არ ექნათ წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობა.
2.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგანგებოდ ევალება ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ დაიცვას წარმომადგენლობის შენობები ყოველგვარი შეჭრისა თუ დაზარალებისაგან და არ დაუშვას წარმომადგენლობის სიმშვიდის რაიმე დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.
3.წარმომადგენლობის შენობებს, ავეჯს და სხვა იქ არსებულ ქონებას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებს მინიჭებული აქვს იმუნიტეტი და არ შეიძლება მათი გაჩხრეკა, რეკვიზიცია, ყადაღის დადება და სააღმსრულებლო მოქმედება.

მუხლი 23
1.მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული თუ მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია.
2.სახაზინო შეუვალობა, რომელზეც ლაპარაკია ამ მუხლში, არ ვრცელდება იმ გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და ბაჟზე, რომლებიც, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონების თანახმად, უნდა გადაიხადონ იმათ, ვინც კონტრაქტებს დებს მააკრედიტებელ სახელმწიფოსთან ან წარმომადგენლობის მეთაურთან.

მუხლი 24
წარმომადგენლობის არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს და ადგილსამყოფელის მიუხედავად.

მუხლი 25
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ყოველგვარი პირობები უნდა შეუქმნას წარმომადგენლობას თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 26
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს წარმომადგენლობის ყველა თანამშრომლის თავისუფალი მიმოსვლა, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება მის კანონებს და წესებს ზონების შესახებ, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით.

მუხლი 27
1.დგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალეა ნება დართოს და დაიცვას წარმომადგენლობის თავისუფალი ურთიერთობა ყოველგვარი ოფიციალური მიზნებით. მააკრედიტებელი სახელმწიფოს მთავრობასთან, სხვა წარმომადგენლობებთან და საკონსულოებთან ურთიერთობისათვის, სადაც უნდა იყვნენ ისინი, წარმომადგენლობას შეუძლია გამოიყენოს ყველა მოსახერხებელი საშუალება, მათ შორის დიპლომატიური კურიერები, კოდირებული თუ დაშიფრული დეპეშები. ამასთანავე წარმომადგენლობას რადიოგადამცემის დადგმა და ექსპლუატირება შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2.წარმომადგენლობის ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციად იგულისხმება მთელი ის კორესპონდენცია, რომელიც წარმომადგენლობას და მის ფუნქციებს ეხება.
3.დიპლომატიური ფოსტის გახსნა ან შეყოვნება არ შეიძლება.
4.დიპლომატიური ფოსტის ყველა დასტას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშნები, რომლებიც მიუთითებს მათ ხასიათს და მათში შეიძლება იყოს მხოლოდ დიპლომატიური დოკუმენტები და საგნები, რომლებიც გათვალისწინებულია ოფიციალური გამოყენებისათვის.
5.დიპლომატიურ კურიერს, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტები მისი სტატუსისა და დიპლომატიური ფოსტის დასტების რიცხვის მითითებით, თავისი მოვალეობის შესრულებისას იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, მისი პიროვნება ხელშეუხებელია და არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება რაიმე ფორმით.
6.მააკრედიტებელ სახელმწიფოს ან წარმომადგენლობას შეუძლიათ ად ჰოც დანიშნონ სპეციალური დიპლომატიური კურიერი. ასეთ შემთხვევაში ასევე გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებანი, ოღონდ იმ გამონაკლისით, რომ მასში მოხსენიებული იმუნიტეტები წყდება მაშინვე, როგორც კი ასეთი კურიერი დანიშნულებისამებრ ჩააბარებს დავალებულ დიპლომატიურ ფოსტას.
7.დიპლომატიური ფოსტა შეიძლება მიენდოს სამოქალაქო თვითმფრინავის ეკიპაჟის მეთაურს, რომელიც მიფრინავს აეროპორტში, სადაც ჩაფრენა ნებადართულია. მეთაურს თან უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტი ფოსტის დასტების რიცხვის მითითებით, მაგრამ იგი დიპლომატიურ კურიერად არ ჩაითვლება. წარმომადგენლობას შეუძლია აეროპორტში გაგზავნოს თავისი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ და დაუბრკოლებლად ჩაიბარებს თვითმფრინავის მეთაურისაგან დიპლომატიურ ფოსტას.

მუხლი 28
გასამრჯელო და მოსაკრებლები, რომლებსაც წარმომადგენლობა იღებს თავისი ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას, თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.

მუხლი 29
დიპლომატიური აგენტის პიროვნება ხელშეუხებელია. არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება არავითარი ფორმით. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია ჯეროვანი პატივისცემით ექცეოდეს მას და ყველაფერს ღონობდეს იმისათვის, რომ თავიდან ააცილოს მისი პიროვნების თავისუფლებისა და ღირსების რაიმე ხელყოფა.

მუხლი 30
1.დიპლომატიური აგენტის კერძო რეზიდენცია ისევე ხელშეუვალი და დაცულია, როგორც წარმომადგენლობის შენობები.
2.მისი ქაღალდები, კორესპონდენციები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გამონაკლისის გარდა, მისი ქონება ასევე ხელშეუვალია.

მუხლი 31
1.დიპლომატიურ აგენტს აქვს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქციის იმუნიტეტი. მას აქვს აგრეთვე სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის იმუნიტეტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
ა)აღძრულია სანივთო სარჩელი, რომელიც შეეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო უძრავ ქონებას, თუ იგი მააკრედიტებელი სახელმწიფოს სახელით არ ფლობს ამ ქონებას წარმომადგენლობის მიზნებისათვის;
ბ)აღძრულია სარჩელი, რომელიც შეეხება მემკვიდრეობას, რომლის მიმართაც დიპლომატიური აგენტი გვევლინება ანდერძის აღმსრულებლად, სამემკვიდრეო ქონების მზრუნველად ან საანდერძო დანაკისრის მიმღებად, როგორც კერძო პირი, და არა მააკრედიტებელი სახელმწიფოს სახელით;
გ)აღძრულია სარჩელი, რომელიც შეეხება ყოველგვარ პროფესიულ და კომერციულ საქმიანობას, რომელსაც დიპლომატიური აგენტი თავისი ოფიციალური ფუნქციების ფარგლებს გარეთ ეწევა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
2.დიპლომატიური აგენტი ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება როგორც მოწმემ.
3.დიპლომატიური აგენტის მიმართ არ შეიძლება განხორციელდეს არავითარი სააღმსრულებლო ღონისძიებანი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ბ" და "ც" ქვეპუნქტებს, და მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებანი არ დაარღვევს მისი პიროვნების ან მისი რეზიდენციის ხელშეუხებლობას.  
4.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციის მიმართ დიპლომატიური აგენტის იმუნიტეტი არ ათავისუფლებს მას მააკრედიტებელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან.

მუხლი 32
1.იურისდიქციის მიმართ დიპლომატიური აგენტების და იმ პირების იმუნიტეტზე, რომლებსაც იმუნიტეტი მინიჭებული აქვთ 37-ე მუხლის თანახმად, შეუძლია უარი თქვას მააკრედიტებელმა სახელმწიფომ.
2.უარი ყოველთვის გარკვეულად უნდა იყოს გამოხატული.
3.თუ დიპლომატიური აგენტი ან პირი, რომელსაც იურისდიქციის მიმართ იმუნიტეტი აქვს მინიჭებული 37-ე მუხლის თანახმად, საქმეს აღძრავს, - მას უფლება აღარა აქვს დაიმოწმოს იურისდიქციის იმუნიტეტი შემხვედრი სარჩელის მიმართ, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ძირითად სარჩელთან.
4.სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მიმართ იურისდიქციის იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ უარის თქმას, რისთვისაც საჭიროა საგანგებო უარი.

მუხლი 33
1.ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულების შესრულების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქმედი დადგენილებანი სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე არ ვრცელდება დიპლომატიურ აგენტზე იმ მომსახურების მიმართ, რომელსაც იგი უწევს მააკრედიტებელ სახელმწიფოს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა ვრცელდება შინამუშაკებზეც, რომლებიც მხოლოდ დიპლომატიურ აგენტს ემსახურებიან,  თუ
ა)ისინი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან ან მუდმივად არ ცხოვრობენ იქ;
ბ)მათზე ვრცელდება დადგენილებანი სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე, რომლებიც მოქმედებს მააკრედიტებელ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში.
3.დიპლომატიური აგენტი, რომელიც ქირაობს პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა ასრულებდეს ვალდებულებას, რომლებსაც სამუშაოს მიმცემთ აკისრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებანი სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
4.ამ მუხლის "1" და "2" პუნქტებით გათვალისწინებული შეუვალობა დაბრკოლებას არ უქმნის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას, თუ ასეთი მონაწილეობა დასაშვებად მიაჩნია ამ სახელმწიფოს.
5.ამ მუხლის დებულებანი არ ლახავს წინათ დადებულ ორმხრივ ან მრავალმხრივ შეთანხმებებს სოციალური უზრუნველყოფის შესახებ და დაბრკოლებას არ უქმნის ასეთ შეთანხმებათა დადებას მომავალში.

მუხლი 34
დიპლომატიური აგენტი თავისუფალია ყველა პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადისაგან, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა:
ა)არაპირდაპირი გადასახადებისა, რომლებიც შედის საქონლის ან მომსახურების ფასში;
ბ)ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კერძო უძრავი ქონების მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, თუ იგი მას არ ფლობს მააკრედიტებელი სახელმწიფოს სახელით წარმომადგენლობის მიზნებისათვის;
გ)სამემკვიდრეო გადასახადებისა და ბაჟისა, რომელსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახდევინებს 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობით.
დ)იმ კერძო შემოსავლის მოსაკრებლებისა და გადასახადებისა, რომლის წყარო ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, აგრეთვე ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომერციულ საწარმოებში ჩადებულ კაპიტალდაბანდებაზე გადასახადებისა;
ე)მოსაკრებლებისა, რომლებსაც ახდევინებენ კონკრეტული სახეობის მომსახურებისათვის;
ვ)სარეგისტრაციო, სასამართლო და სარეესტრო ბაჟისა, იპოთეკური მოსაკრებლებისა და საგერბო მოსაკრებლისა, უძრავი ქონების მიმართ 23-ე მუხლით გათვალისწინებული შეუვალობით.

მუხლი 35
ადგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალეა დიპლომატიური აგენტები გაათავისუფლოს ყოველგვარი შრომითი და სახელმწიფო ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, აგრეთვე სამხედრო ბეგარისაგან, როგორიც არის რეკვიზიცია, კონტრიბუცია და ბინის ჯარის სადგომად გადაცემა.

მუხლი 36
1.ადგილსამყოფელი სახელმწიფო იქ მიღებული კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას იძლევა შემოზიდონ და ათავისუფლებს ყოველგვარი ბაჟისაგან, გადასახადებისაგან და ამასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და სხვა ამგვარი მომსახურების მოსაკრებლებისა:
ა)საგნები, რომლებიც ოფიციალური გამოყენებისთვის სჭირდება წარმომადგენლობას;
ბ)საგნები, რომლებიც პირადი გამოყენებისათვის სჭირდება დიპლომატიურ აგენტს ან მასთან ერთად მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნები.
2.დიპლომატიური აგენტის პირადი ბარგი  თავისუფლდება შემოწმებისგან, თუ არის სერიოზული ეჭვი იმისა, რომ იგი შეიცავს საგნებს, რომლებზეც არ ვრცელდება შეუვალობა, რომელიც მოხსენიებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, ან საგნებს, რომელთა შემოტანა-გატანა აკრძალულია კანონით, ან რეგულირდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საკარანტინო წესებით. ასეთი შემოწმება უნდა ხდებოდეს მხოლოდ დიპლომატიური აგენტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.

მუხლი 37
1.დიპლომატიურ აგენტთან მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს, თუ ისინი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არ არიან, 29-35-ე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიები და იმუნიტეტები აქვთ.
2.წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის წევრებს და მათთან ერთად მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს, თუ ისინი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან და მუდმივად არ ცხოვრობენ იქ, 29-35-ე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიები და იმუნიტეტები აქვთ, იმ გამონაკლისით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ იმუნიტეტი, რომელიც აღნიშნულია 31-ე მუხლის პირველ პუნქტში, არ ვრცელდება მოქმედებაზე, რომელიც მათი მოვალეობის შესრულების დროს არ არის ჩადენილი. პირველი მოთხოვნილების საცხოვრებელი საგნების მიმართ მათ აგრეთვე აქვს პრივილეგიები, რომლებიც აღნიშნულია 36-ე მუხლის პირველ პუნქტში.
3.წარმომადგენლობის მომსახურე პერსონალის წევრებს, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არ არიან და მუდმივად არ ცხოვრობენ იქ, იმუნიტეტი აქვთ ისეთი მოქმედების მიმართ, რომელსაც ჩაიდენენ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს, და თავისუფლდებიან სამსახურში მიღებული შემოსავლის გადასახადებისაგან, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან, მათზე აგრეთვე ვრცელდება განთავისუფლება, რომელიც მოხსენიებულია 33-ე მუხლში.
4.წარმომადგენლობის თანამშრომელთა შინამუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არ არიან ან მუდმივად არ ცხოვრობენ იქ, თავისუფლდებიან სამსახურში მიღებული შემოსავლის გადასახადისაგან, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან. სხვა მხრივ მათ შეუძლიათ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით ისარგებლონ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებად მიაჩნია ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. მაგრამ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ პირთა მიმართ თავის იურისდიქციას უნდა ახორციელებდეს ისე, რომ უწესოდ არ ერეოდეს წარმომადგენლობის ფუნქციების შესრულებაში.

მუხლი 38
1.დამატებითი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების გარდა, რომლებიც შეიძლება მიანიჭოს ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, დიპლომატიური აგენტი, რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეა ან მუდმივად ცხოვრობს იქ, სარგებლობს მხოლოდ იურისდიქციის მიმართ იმუნიტეტით და იმ ოფიციალური მოქმედების მიმართ ხელშეუხებლობით, რომელსაც ჩაიდენს თავისი ფუნქციების შესრულებისას.
2. წარმომადგენლობის პერსონალის სხვა წევრები და შინამუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არიან და მუდმივად ცხოვრობენ იქ, პრივილეგიებით და იმუნიტეტებით სარგებლობენ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებად მიაჩნია ადგილსამყოფელ სახელმწიფოს. მაგრამ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ პირთა მიმართ თავის იურისდიქციას უნდა ახორციელებდეს ისე, რომ უწესოდ არ ერეოდეს წარმომადგენლობის ფუნქციების შესრულებაში.

მუხლი 39
1.პრივილეგიებისა და იმუნიტეტების უფლების მქონე ყოველი პირი სარგებლობს ამ უფლებით თავისი პოსტის დასაკავებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლის მომენტიდან, ან თუ იგი უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე იმ მომენტიდან, როცა მისი დანიშვნის თაობაზე აცნობებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელთანაც დადებულია მორიგება.
2.თუ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირის ფუნქციები მთავრდება, ეს პრივილეგიები და იმუნიტეტები ნორმალურად წყდება იმ მომენტიდან, როცა იგი ქვეყნიდან მიდის, ან ამის გასაკეთებლად საჭირო გონივრული ვადის გასვლისთანავე, თუმცა გრძელდება ამ მომენტამდე შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაშიც კი. მაგრამ იმ მოქმედებათა მიმართ, რომლებსაც სჩადის ასეთი პირი წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფუნქციების შესრულებისას, იმუნიტეტი გრძელდება.
3.წარმომადგენლობის თანამშრომლობის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის დასატოვებლად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე.
4.წარმომადგენლობის იმ თანამშრომლის, რომელიც არ იყო ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან იქ მუდმივად არ ცხოვრობდა, ან მასთან ერთად მცხოვრები მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა დართოს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანის ნება, იმ ქონების გარდა, რომელიც შეძენილია ამ ქვეყანაში და რომლის გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების დროისათვის. სამემკვიდრეო გადასახადისა და ბაჟისაგან თავისუფლდება მოძრავი ქონება, რომლის არსებობა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ამ ქვეყანაში გარდაცვლილი იმყოფებოდა როგორც წარმომადგენლობის თანამშრომელი ან წარმომადგენლობის თანამშრომლის ოჯახის წევრი.

მუხლი 40
1.თუ დიპლომატიური აგენტი მგზავრობს მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, რომელმაც მას ვიზა მისცა, თუ ასეთი რამ საჭიროა, ან იმყოფება ამ ტერიტორიაზე და მიემგზავრება თავისი პოსტის დასაკავებლად ან ბრუნდება ამ პოსტზე ან თავის ქვეყანაში, ეს მესამე სახელმწიფო მას ანიჭებს ხელშეუხებლობას და ისეთ სხვა იმუნიტეტებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი მგზავრობის ან უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ეს ეხება აგრეთვე მისი ოჯახის ყველა წევრს, ვინც პრივილეგიებით ან იმუნიტეტებით სარგებლობს და თან ახლავს დიპლომატიურ აგენტს ან ცალკე მგზავრობს, რათა შეუერთდეს მას ან დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
2.ამ მუხლის "1" პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში, მესამე სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ მათ ტერიტორიაზე წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ- ტექნიკური ან მომსახურე პერსონალის წევრთა და მათი ოჯახების წევრთა გავლას.
3.მესამე სახელმწიფოებმა ტრანზიტად გამავალ ოფიციალურ კორესპონდენციებს და სხვა ოფიციალურ ცნობებს, მათ შორის კოდირებულ და დაშიფრულ დეპეშებს უნდა მიანიჭონ იგივე თავისუფლება და დაცვა, როგორსაც ანიჭებს ადგილსამყოფელი სახელმწიფო. მათ უნდა მიანიჭონ დიპლომატიურ კურიერებს, რომლებსაც მიეცათ ვიზა, თუ ასეთი რამ საჭიროა, და ტრანზიტად გამავალ დიპლომატიურ ფოსტას ისეთივე ხელშეუხებლობა და დაცვა, როგორსაც ვალდებულია ანიჭებდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფო.
4.ამ მუხლის "1", "2" და "3" პუნქტებით გათვალისწინებული მესამე სახელმწიფოთა ვალდებულებანი ეხება აგრეთვე ამ პუნქტებში ნახსენებ პირებს და ოფიციალურ ცნობებსა და დიპლომატიურ ფოსტას, რომელთა არსებობა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოწვეულია გარდაუვალი გარემოებებით.

მუხლი 41
1.თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
2.მააკრედიტებელი სახელმწიფოს მიერ წარმომადგენლობისათვის მინდობილი მთელი ოფიციალური საქმიანობა ადგილსამყოფელი ქვეყნის მიმართ ხორციელდება უშუალოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობით ან ამ სამინისტროს მეშვეობით, ან სხვა სამინისტროსთან ურთიერთობით, რომელთანაც არსებობს მორიგება, ან ამ სხვა სამინისტროს მეშვეობით.
3.წარმომადგენლობის კარ-მიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული წარმომადგენლობის იმ ფუნქციებთან შეუთავსებელი მიზნით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციით ან ზოგადი საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ან მააკრედიტებელ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი რაიმე სპეციალური შეთანხმებებით.

მუხლი 42
დიპლომატიური აგენტი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდეს პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას პირადი გამორჩენის მიზნით.

მუხლი 43
დიპლომატიური აგენტის ფუნქციები წყდება, კერძოდ, როცა:
ა)მააკრედიტებელი სახელმწიფო ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აცნობებს, რომ წყდება დიპლომატიური აგენტის ფუნქციები;
ბ)ადგილსამყოფელი  სახელმწიფო მააკრედიტებელ სახელმწიფოს აცნობებს, რომ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი უარს ამბობს დიპლომატიური აგენტის წარმომადგენლობის თანამშრომლად ცნობაზე.

მუხლი 44
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, ხელი უნდა შეუწყოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მქონე პირთა, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს მოქალაქენი, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების, მოქალაქეობის მიუხედავად, რაც შეიძლება მალე გამგზავრებას მან, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მისცეს სატრანსპორტო საშუალებანი გასამგზავრებლად და ქონების გადასატანად.

მუხლი 45
ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ანდა წარმომადგენლობის საბოლოო ან დროებითი გაწვევის შემთხვევაში:
ა)ადგილსამყოფელი  სახელმწიფო, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივს უნდა სცემდეს და იცავდეს წარმომადგენლობის კარ-მიდამოს, მის ქონებასა და არქივებს.
ბ)მააკრედიტებელ  სახელმწიფოს  შეუძლია  თავისი   წარმომადგენლობის კარ-მიდამოს, ქონებისა და არქივების დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი  სახელმწიფოსათვის;
გ)მააკრედიტებელ  სახელმწიფოს  შეუძლია  თავისი და თავის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი  სახელმწიფოსათვის.

მუხლი 46
მააკრედიტებელ  სახელმწიფოს ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს წინასწარი თანხმობით და მესამე სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც წარმოდგენილი არ არის ადგილსამყოფელ ქვეყანაში, შეუძლია თავის თავზე აიღოს ამ მესამე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეთა ინტერესების დროებითი დაცვა.

მუხლი 47
1.ამ კონვენციის დებულებათა გამოყენებისას ადგილსამყოფელი  სახელმწიფო არ უნდა ახორციელებდეს დისკრიმინაციას სახელმწიფოებს შორის.
2.მაგრამ არ ჩაითვლება, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას,
ა)თუ ადგილსამყოფელი  სახელმწიფო ამ კონვენციის რომელიმე დებულებას შეზღუდულად იყენებს იმის გამო, რომ ამ დებულებას ასევე შეზღუდულად იყენებენ მისი წარმომადგენლობის მიმართ მააკრედიტებელ  სახელმწიფოში.
ბ)თუ ჩვეულებისამებრ ან შეთანხმებით სახელმწიფოები ერთმანეთს ანიჭებენ უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ამ კონვენციის დებულებები ითვალისწინებს.

მუხლი 48
ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის ან სპეციალიზებული დაწესებულებებისათვის, საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის მონაწილე სახელმწიფოებისათვის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულია კონვენციაში მონაწილეობისათვის: 1961 წლის 31 ოქტომბრამდე - ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში, ხოლო შემდეგ, 1962 წლის 31 მარტამდე, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში.

მუხლი 49
ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად უნდა ჩაბარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 50
ამ კონვენციას შეუძლია შეუერთდეს ყოველი სახელმწიფო, რომელიც 48-ე მუხლში ჩამოთვლილ ოთხ კატეგორიათაგან ერთ-ერთს მიეკუთვნება. შეერთების აქტები შესანახად უნდა ჩაბარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

მუხლი 51
1.ეს კონვენცია ძალაში შევა ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესანახად ჩაბარდება ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების აქტი.
2.ყოველ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან შეუერთდება მას ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.

მუხლი 52
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ყველა სახელმწიფოს, რომლებიც 48-ე მუხლში ჩამოთვლილ ოთხ კატეგორიათაგან ერთ-ერთს მიეკუთვნებიან, აცნობებს:
ა)48-ე, 49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად ამ კონვენციის ხელმოწერისა და შესანახად სარატიფიკაციო სიგელების ან შეერთების აქტების გადაცემის თაობაზე.
ბ)51-ე მუხლის შესაბამისად ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის თაობაზე.

მუხლი 53
ამ კონვენციის დედანი, რომლის ტექსტები რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ჩინურ და ფრანგულ ენებზე თანაბრად აუთენტურია, შესანახად ჩაბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც მის დამოწმებულ პირებს გაუგზავნის ყველა სახელმწიფოს, რომლებიც 48-ე მუხლში ჩამოთვლილ ოთხ კატეგორიათაგან ერთ-ერთს მიეკუთვნებიან.
რის დასტურადაც სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
დადებულია ვენაში ათას ცხრაას სამოცდაერთი წლის თვრამეტ აპრილს.

 

____________________________

საქართველოს რესპუბლიკა შეუერთდა საქართველოს პარლამენტის
1993 წლის 13 მაისის დადგენილებით

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
1925
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM