JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
კანონმდებლობა
კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ
სამინისტროს დებულება
დიპლომატიური სამსახურის გავლის წესი
საქართველოს კანონი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ
საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ
მინისტრი
მოადგილეები
დეპარტამენტები
საგანგებო დავალებათა ელჩები
საქართველოს მისიები საზღვარგარეთ
საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ
ბიუჯეტი
ტენდერები
ადამიანური რესურსების მართვა
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები
ქართული დიპლომატიის ისტორია
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share

ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობის შესახებ

 

დადებულია ვენაში, 1963 წლის 24 აპრილს
სახელმწიფოები - ამ კონვენციის მხარეები, - რომლებიც
აღნიშნავენ, რომ საკონსულო ურთიერთობა ხალხთა შორის ძველთაგანვე მყარდებოდა,

მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და მისი წესდების პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განვითარებისათვის ხელშეწყობის მიმართ,

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციამ დიპლომატიური ურთიერთობისა და იმუნიტეტების თაობაზე მიიღო ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წლის 18 აპრილს.

დარწმუნებული არიან, რომ საკონსულო ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავებათა მიუხედავად,

შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა გამორჩენის გულისათვის, არამედ იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულებანი ეფექტიანად ასრულებდნენ ფუნქციებს თავიანთი სახელმწიფოების სახელით,

ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც არეგულირებენ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ არ არის გათვალისწინებული ამ კონვენციის დებულებებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1. განსაზღვრებანი
1. ამ კონვენციაში ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს ასეთი მნიშვნელობა აქვს:
a) "საკონსულო დაწესებულებანი" ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს;

b) "საკონსულო ოლქი" ნიშნავს რაიონს, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულოს ფუნქციების შესასრულებლად;
c) "საკონსულო დაწესებულების მეთაური" ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს, როგორც ასეთმა;
d) "საკონსულოს თანამდებობის პირი" ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის საკონსულო დაწესებულებების მეთაურს, რომელსაც დავალებული აქვს, როგორც ასეთმა, შეასრულოს საკონსულო ფუნქციები;
e) "საკონსულოს მოსამსახურე" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს ასრულებს საკონსულო დაწესებულებებში;
f) "მოსამსახურე პერსონალი მუშაკი" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას ასრულებს;
g) "საკონსულო დაწესებულების მუშაკები" ნიშნავს საკონსულოს თანამდებობის პირებს, საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
h) "საკონსულო პერსონალის მუშაკები" ნიშნავს საკონსულოს თანამდებობის პირებს (საკონსულო დაწესებულების მეთაურების გარდა), აგრეთვე საკონსულოს მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის მუშაკებს;
i) "კერძო შინამუშაკი" ნიშნავს პირს, რომელიც მხოლოდ კერძო სამსახურშია საკონსულო დაწესებულების მუშაკთან;
j) "საკონსულო კარ-მიდამო" ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და ამ შენობებისა თუ შენობის ნაწილის გარშემო მიწის ნაკვეთს, ვის საკუთრებასაც უნდა შეადგენდეს იგი;
k) "საკონსულო არქივები" გულისხმობს მთელ ქაღალდებს, დოკუმენტებს, კორესპონდენციებს, წიგნებს, ფილმებს, მაგნიტოფონის ჩანაწერ ფირებს და საკონსულო დაწესებულების რეესტრებს შიფრებთან და კოდებთან, კარტოთეკებთან და შესაბამის საავეჯო საგნებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შესანახად.
2. არსებობს საკონსულოს თანამდებობის პირთა ორი კატეგორია, სახელდობრ, შტატის საკონსულო თანამდებობის პირები და საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. ამ კონვენციის II თავის დებულებანი ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე. რომლებსაც სათავეში უდგანან შტატის საკონსულო თანამდებობის პირები, III თავის დებულებანი ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც სათავეში უდგანან საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები.
3. საკონსულო დაწესებულებათა იმ მუშაკების სტატუსი, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი არიან ან მუდმივად ცხოვრობენ იქ, ამ კონვენციის 71-ე მუხლით რეგულირდება. 

თავი I
საკონსულო ურთიერთობის ზოგადი დებულებანი
კარი I
საკონსულო ურთიერთობის დამყარება და განხორციელება

მუხლი 2. საკონსულო ურთიერთობის დამყარება
1. სახელმწიფოთა შორის საკონსულო ურთიერთობა მათ შორის შეთანხმებით მყარდება.
2. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობა, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ნიშნავს საკონსულო ურთიერთობის დამყარებაზე თანხმობას;
დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ipso fasto-დ (გარდაუვლად) არ იწვევს საკონსულო ურთიერთობის გაწყვეტას.
მუხლი 3. საკონსულო ფუნქციების შესრულება
საკონსულო ფუნქციებს საკონსულო დაწესებულებანი ასრულებენ. მათ დიპლომატიური წარმომადგენლობანიც ასრულებენ ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 4. საკონსულო დაწესებულების გახსნა
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს, მის კლასს და საკონსულო ოლქს განსაზღვრავს წარმდგენი სახელმწიფო და უნდა მოიწონოს ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ.
3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შეცვლა წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
4. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა მაშინაც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც  თვითონ არის დაბინავებული.
5. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარ გარკვეულად გამოთქმული თანხმობა საჭიროა აგრეთვე კანცელარიის გასახსნელად, რომელიც არსებული საკონსულო დაწესებულების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მისი ბინადრობის ადგილას არ არის.

მუხლი 5. საკონსულოს ფუნქციები
საკონსულოს ფუნქციებია:
a) დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ინტერესები იმ ფარგლებში, რომლებიც დაშვებულია საერთაშორისო სამართლით;
b) ხელი შეუწყოს წარმდგენ სახელმწიფოს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობას, აგრეთვე მათი მეგობრობის განვითარებას სხვა გზებით, ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად;
c) ყოველგვარი კანონიერი გზებით გაერკვეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცხოვრების პირობებში და ამბებში, გააცნოს ისინი წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობას და მიაწოდოს ცნობები დაინტერესებულ პირებს;
d) მისცეს პასპორტები და სამგზავრო დოკუმენტები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს და ვიზები თუ შესაბამისი დოკუმენტები პირებს, რომლებსაც სურთ გაემგზავრონ წარმდგენ სახელმწიფოში;
e) დახმარება და ხელშეწყობა არ მოაკლოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს);
f) შეასრულოს ნოტარიუსის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრატორისა და სხვა ამგვარი მოვალეობანი, აგრეთვე ადმინისტრაციული ხასიათის ზოგიერთი ფუნქცია იმ პირობით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;
g) დაიცვას წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირების) ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე "mortis causa" (გარდაცვალების გამო) მემკვიდრეობითობის შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად;
h) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების ფარგლებში დაიცვას არასრულწლოვანი და სხვა პირების ინტერესები, რომლებიც სრულად ქმედუნარიანი არ არიან და წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა ასეთი პირებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება;
i) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკისა და წესის შესაბამისად, წარმომადგენლობა გაუწიოს ან შესაბამისი წარმომადგენლობით უზრნველყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქენი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო და სხვა დაწესებულებებში იმ მიზნით, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების, ამ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამცავ წინასწარ ღონისძიებათა თაობაზე განკარგულებების შესაბამისად, თუ ადგილზე არყოფნის ან სხვა მიზეზების  გამო ასეთ მოქალაქეებს არ შეუძლიათ დროულად დაიცვან თავიანთი უფლებები და ინტერესები;
j) გადასცეს სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტები ან სასამართლო დავალებანი თუ წარმდგენი სახელმწიფოს სასამართლოებისათვის ჩვენებათა მიცემის დავალება მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებათა შესაბამისად, ან, თუ ასეთი შეთანხმებანი არ არსებობს, ნებისმიერი სხვა წესით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს;
k) განახორციელოს წარმდგენი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით გათვალისწინებული ზედამხედველობის და ინსპექციის უფლებები, წარმდგენი სახელმწიფოს ეროვნული გემების და ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული თვითმფრინავების, აგრეთვე მათი ეკიპაჟის მიმართ;
l) დაეხმაროს ამ მუხლის "k" პუნქტში აღნიშნულ გემებსა და თვითმფრინავებს და მათს ეკიპაჟებს, მიიღოს განცხადებანი გემების ნაოსნობის თაობაზე, შეამოწმოს და გააფორმოს გემების დოკუმენტები და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლთა უფლებების შეულახავად გამოიკვლიოს ყოველივე გზაში მომხდარი და გადაწყვიტოს კაპიტანს, მეთაურთა შემადგენლობასა და მატროსებს შორის დავა, რამდენადაც ამას ითვალისწინებს წარმდგენი სახელმწიფოს კანონები და წესები;
m) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებებს ეკისრებათ და აკრძალული არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან რომელთა აღსრულების საწინააღმდეგო არაფერი აქვს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ან რომლებიც გათვალისწინებულია წარმდგენი სახელმწიფოს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

მუხლი 6. საკონსულო ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის  ფარგლებს გარეთ
საკონსულოს თანამდებობის პირს განსაკუთრებულ ვითარებაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, შეუძლია თავისი ფუნქციები შეასრულოს საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთ.

მუხლი 7. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში
წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია, შესაბამისი სახელმწიფოსათვის შეტყობინების შემდეგ, დაავალოს ერთ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას მეორე სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესრულება, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გარკვეულად არ გამოთქვამს თავის წინააღმდეგობას.

მუხლი 8. საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოს სახელით
ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, შეუძლია საკონსულო ფუნქციები შეასრულოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მესამე სახელმწიფოს სახელით.

მუხლი 9. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების კლასი
1. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურები იყოფიან ოთხ კლასად, სახელდობრ:
a)   გენერალურ კონსულებად,
b)   კონსულებად,
c)   ვიცე-კონსულებად,
d)   საკონსულოს აგენტებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი სრულიად არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთაგან არც ერთს განსაზღვრონ საკონსულოს თანამდებობის პირთა დასახელება, რომლებიც არ არიან საკონსულო დაწესებულების მეთაურები.

მუხლი 10. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების დანიშვნა და სამუშაოდ დაშვება.
1. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურებს ნიშნავენ წარმდგენი სახელმწიფოები და ფუნქციების შესრულების ნებართვას აძლევს ადგილსამყოფელი სახელმწიფო.
2. ამ კონვენციის დებულებათა შესრულების პირობებში საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნისა და სამუშაოზე დაშვების ფორმალობანი წარმდგენი სახელმწიფოს და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონების, წესებისა და ჩვეულებების შესაბამისად განისაზღვრება.

მუხლი 11. საკონსულო პატენტი ანუ დანიშვნის შეტყობინება
1. წარმდგენი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების მეთაურს აძლევს დოკუმენტს, რომელსაც პატენტის ან მისი მგავსი აქტის ფორმა აქვს და ყოველი დანიშვნისას ადასტურებს მის თანამდებობას და, როგორც საერთო წესი, მიუთითებს მის სრულ სახელსა და გვარს, კატეგორიას თუ კლასის კუთვნილებას, საკონსულო ოლქს და საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობას.
2. წარმდგენი სახელმწიფო ამ პატენტს თუ მის მგავს აქტს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი გზით უგზავნის იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომლის ტერიტორიაზეც საკონსულო დაწესებულების მეთაურმა უნდა შეასრულოს თავის ფუნქციები.
3. თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო თანახმაა, წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია პატენტისა თუ მისი მსგავსი აქტის ნაცვლად ადგილსამყოფელ სახემწიფოს გაუგზავნის იმ მონაცემების შემცველი შეტყობინება, რომლებზეც ლაპარაკია ამ მუხლის პირველ პუნქტში.

მუხლი 12. ეგზეკვატურა
1. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია თავის ფუნქციების შესრულებას შეუდგეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღების შემდეგ, რომელსაც ეგზეკვატურა ეწოდება, რა ფორმაც უნდა ჰქონდეს ამ ნებართვას.
2. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს ეგზეკვატურის გაცემაზე, მოვალე არ არის განუმარტოს წარმდგენ სახელმწიფოს ასეთი უარის მიზეზი.
3. მე-13 და მე-15 მუხლებში გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საკონსულო დაწესებულების მეთაური თავისი მოვალეობის შესრულებას ვერ დაიწყებს ეგზეკვატურის მიღებამდე.

მუხლი 13. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების დროებითი დაშვება       
ეგზეკვატურის გაცემამდე საკონსულო დაწესებულების მეთაური შეიძლება დროებით დაუშვან თავისი ფუნქციების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში იყენებენ ამ კონვენციის დებულებებს.

მუხლი 14. საკონსულო ოლქის ხელისუფალთათვის შეტყობინება
როგორც კი საკონსულო დაწესებულების მეთაურს, თუნდაც დროებით დაუშვებენ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს ამას საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ხელისუფალთ. გარდა ამისა, იგი უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებებს იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეეძლოს თავისი თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება და ისარგებლოს ამ კონვენციიდან გამომდინარე უპირატესობით.

მუხლი 15. საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციების დროებითი  შესრულება
1. თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ფუნქციები დროებით შეიძლება შეასრულოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.
2. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის სრულ სახელსა და გვარს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ აღნიშნულ ორგანოს ატყობინებს წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან, თუ ამ სახელმწიფოს არა აქვს ასეთი წარმომადგენლობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების მეთაური, ან, თუ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, - წარმდგენი სახელმწიფოს ნებისმიერი სხვა კომპეტენტური ორგანო. როგორც წესი, ეს შეტყობინება წინასწარ ხდება, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია თავისი თანხმობით განაპირობოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის დაშვება, თუ ეს პირი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფოს არც დიპლომატიური აგენტია, არც საკონსულოს თანამდებობის პირი.
3. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ეხმარებიან და იცავენ საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს. სანამ იგი დაწესებულებას მეთაურობს, მასზე ამ კონვენციის დებულებანი ისევე ვრცელდება, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების მეთაურზე. მიუხედავად ამისა, ადგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალე არ არის დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებელ პირს მიანიჭოს უპირატესობანი, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლებითაც საკონსულო დაწესებულების მეთაური სარგებლობს, მხოლოდ იმ პირობების გამო, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი.
4. თუ წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმდგენი სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ნიშნავს, იგი კვლავ სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუ ადგილსამყოფელ სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის.

მუხლი 16. უფროს-უმცროსობა საკონსულო დაწესებულებათა მეთაურებს   შორის          
1. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურებს უფროს-უმცროსობის რიგით ყოველ კლასში ენიჭებათ სხვადასხვა ადგილი, რომელსაც განსაზღვრავს ეგზეკვატურის გაცემის თარიღი.
2. თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი ეგზეკვატურის მიღებამდე დროებით დაშვებულია ამ თანამდებობაზე თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მისი ადგილ უფროს-უმცროსობის რიგით განისაზღვრება დროებითი დაშვების თარიღით; ეს ადგილი უნარჩუნდება მისთვის ეგზეკვატურის გადაცემის შემდეგაც.
3. ორ ან რამდენიმე საკონსულო დაწესებულების მეთაურებს შორის, რომლებსაც ერთსა და იმავე დღეს აქვთ მიღებული ეგზეკვატურა ან დროებით არიან დაშვებული ამ თანამდებობაზე თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად, უფროს-უმცროსობა განისაზღვრება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მათი პატენტების ან პატენტისმაგვარი აქტების წარდგენის თარიღებით ან მე-11 მუხლის მე -3 პუნქტში მოხსენიებული შეტყობინების თარიღით.
4. საკონსულო დაწესებულებათა მეთაურების მოვალეობათა შემსრულებლებს უფროს-უმცროსობის წესით ადგილები უკავიათ ყველა საკონსულო დაწესებულების მეთაურთა შემდეგ, ხოლო მათ შორის უფროს-უმცროსობა განისაზღვრება მათ მიერ დაწესებულების უფროსის მოვალეობის შესრულების დაწყების თარიღით, რომელიც მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ შეტყობინებაში არის მითითებული.
5. საკონსულოს საპატიო თანამდებობის პირებს, რომლებიც საკონსულო დაწესებულებათა მეთაურები არიან, ყოველ კლასში ადგილები უკავიათ საკონსულო დაწესებულებათა შტატიანი მეთაურების შემდეგ იმ რიგით და იმ წესების შესაბამისად, რომლებიც წინა პუნქტებშია გადმოცემული.
6. საკონსულო დაწესებულბათა მეთაურებს უფროს-უმცროსობის რიგით ეკუთვნით საკონსულოს იმ თანამდებობის პირებზე მაღალი ადგილები, რომლებსაც ეს სტატუსი არა აქვთ.

მუხლი 17. საკონსულო თანამდებობის პირთა მიერ დიპლომატიური   აქტების შესრულება.
1. სახელმწიფოში, სადაც წარმდგენ სახელმწიფოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და სადაც იგი წარმოდგენილი არ რის მესამე სახელმწიფოს წარმომადგენლობის მიერ, საკონსულოს თანამდებობის პირს შეუძლია ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს თანხმობით და მისი საკონსულო სტატუსი შეუცვლელად, ჰქონდეს იმის რწმუნება, რომ შეასრულოს დიპლომატიური აქტები. ასეთი აქტების შესრულება საკონსულოს თანამდებობის პირს არ აძლევს პრეტენზიების უფლებას დიპლომატიურ პრივილეგიებზე ან იმუნიტეტებზე.
2. საკონსულოს თანამდებობის პირს შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ იმოქმედოს, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ნებისმიერ მთავრობათაშორის ორგანიზაციასთან. ამ მოვალეობის შესრულებისას მას უფლება აქვს ისარგებლოს ყველა პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომელსაც ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი ან საერთაშორისო ხელშეკრულება ანიჭებს ასეთ წარმომადგენელს, მაგრამ რაც შეეხება მის მიერ ნებისმიერი საკონსულო ფუნქციის შესრულებას, მას იურისდიქციით არა აქვს იმაზე მეტი იმუნიტეტის უფლება, ვიდრე ენიჭება საკონსულოს თანამდებობის პირს ამ კონვენციის თანახმად.

მუხლი 18. ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ადგილსამყოფელი  სახელმწიფოს ნებართვით ერთი და იგივე პიროვნების  დანიშვნა საკონსულოს თანამდებობის პირად.
ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ნებართვით შეუძლია ერთი და იგივე პიროვნება დანიშნოს საკონსულოს თანამდებობის პირად ამ სახელმწიფოში.

მუხლი 19. საკონსულოს პერსონალის დანიშვნა
1.წარმდგენ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია დანიშნოს საკონსულოს პერსონალი მე -20, 22-ე და 23-ე მუხლებში გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
2.წარმდგენი სახელმწიფო წინასწარ ანცობებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საკონსულოს ყველა თანამდებობის პირის სრულ სახელსა და გვარს, კატეგორიასა და კლასს, გარდა საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელისა, რათა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეეძლოს, თუ ამის სურვილი ექნება, განახორციელოს თავისი უფლებები, რომლებიც 23-ე მუხლის მე -3 პუნქტშია გათვალისწინებული.
3.წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას მოითოვს მისი კანონები და წესები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს სთხოვოს მისცეს ეგზეკვატურა საკონსულოს თანამდებობის პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მეთაური არ არის.
4.ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას მოითხოვს მისი კანონები და წესები, მისცეს ეგზეკვატურა საკონსულოს თანამდებობის პირს, რომელიც საკონსულო დაწესებულების მეთაური არ არის.

მუხლი 20. საკონსულოს პერსონალის რაოდენობა
იმ შემთხვევაში, თუ არ არის შეთანხმება საკონსულოს პერსონალის რაოდენობაზე, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს წარმდგენ სახელმწიფოს, რომ პერსონალის რაოდენობა არ აჭარბებდეს ზღვარს, რომელიც მას გონივრულად და ნორმალურად მიაჩნია, ითვალისწინებს რა საკონსულო ოლქში არსებულ ვითარებას და პირობებს და ამ საკონსულო დაწესებულების მოთხოვნილებებს.

მუხლი 21. უფროს-უმცროსობის რიგი საკონსულო დაწესებულების
თანამდებობის პირთა შორის
წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან, თუ ამ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არა აქვს ასეთი წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულების მეთაური აცნობებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს, საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირებს შორის უფროს-უმცროსობის რიგს, აგრეთვე ამ რიგის ნებისმიერ ცვლილებას.

მუხლი 22. საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა
1. როგორც წესი, საკონსულოს თანამდებობის პირები წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.
2. საკონსულოს თანამდებობის პირები არ შეიძლება დაინიშნონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეთაგან, თუ არ იქნა ამ სახელმწიფოს მკაფიოდ გამოხატული თანხმობა, თანაც ეს თანხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს.
3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შეინარჩუნოს ასეთივე უფლება მესამე სახელმწიფოს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც იმავდროულად წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან.

მუხლი 23. Non grata -დ გამოცხადებული პირები
1.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს, რომ საკონსულოს ესა თუ ის თანამდებობის პირი არის persona non grata ან საკონსულო პერსონალის ნებისმიერი თანამშრომელი მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენმა სახელმწიფომ შესაბამისად უნდა გადააყენოს ეს პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში.
2.თუ წარმდგენი სახელმწიფო უარს იტყვის შეასრულოს ან არ შეასრულოს გონივრულობის ფარგლებით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული თავისი ვალდებულებანი, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შესაბამისად გააუქმოს ამ პირის ეგზეკვატურა ან აღარ ჩათვალოს იგი საკონსულო პერსონალის თანამშრომლად.
3.საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლად დანიშნული პირი შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან, თუ იგი უკვე იმყოფება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მანამდე, სანამ შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას საკონსულო დაწესებულებაში. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში წარმდგენი სახელმწიფო აუქმებს მის დანიშვნას.
4.ამ მუხლის 1 და 3 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის თავისი გადაწყვეტილების მიზეზი აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს.     

მუხლი 24. ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის დანიშვნის, ჩამოსვლის და წასვლის შეტყობინება                      
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ მითითებულ ორგანოს ატყობინებენ:
a)საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა დანიშვნას, დანიშვნის შემდეგ მათ ჩასვლას, მათ საბოლოო გამგზავრებას ან ფუნქციების შეწყვეტას და ყველა სხვა ცვლილებას, რომელიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;
b)იმ პირის ჩასვლას ან საბოლოო გამგზავრებას, რომელიც საკონსულო დაწესებულების თანამშრომლის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან ერთად, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის ასეთი წევრი;
c) კერძო შინამუშაკების ჩასვლას და შესაბამის შემთხვევებში მათი ამ მუშაობის შეწყვეტას;
d) იმ პირთა დაქირავებასა და გათავისუფლებას, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრობენ და, როგორც საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ან კერძო შინამუშაკებს, აქვთ პრივილეგიებისა და იმუნიტეტის უფლება.
 2. ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შეტყობინება უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად დროულად.

კარი II.
საკონსულო ფუნქციათა შეწყვეტა

მუხლი 25. საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა ფუნქციების   შეწყვეტა საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა ფუნქციები წყდება:                 
a)მას შემდეგ, რაც წარმდგენი სახელმწიფო ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეატყობინებს, რომ მისი ფუნქციები წყდება;
b)ეგზეკვატურის გაუქმებისას;
c)მას შემდეგ, რაც ადგილსამყოფელი სახლმწიფო წარმდგენ სახელმწიფოს შეატყობინებს, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფო აღარ თვლის ამ პიროვნებას საკონსულო პერსონალის თანამშრომლად.

მუხლი 26. ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან გამგზავრება
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი, საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებს და კერძო შინამუშაკებს, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ, მათ მოქალაქეობის მიუხედავად უნდა მისცეს დრო და შეუქმნას საამისო პირობები, რომ შეძლონ გასამგზავრებლად მომზადება და გაემგზავრონ რაც შეიძლება მალე შესაბამისი თანამშრომლების ფუნქციათა შეწყვეტის შემდეგ. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ისინი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათთვის და მათი ქონების გადასაზიდად, გარდა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შეძენილი იმ ქონებისა, რომლის გატანაც გამგზავრების დროისათვის აკრძალულია.

მუხლი 27. საკონსულოს კარ-მიდამო და არქივების, აგრეთვე წარმდგენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ   ვითარებაში                                                  
1.ორ სახელმწიფოს შორის საკონსულო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში:
a)ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი პატივი უნდა სცეს და დაიცვას საკონსულო კარმიდამო, აგრეთვე საკონსულო დაწესებულების ქონება და არქივი;
b) წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია საკონსულოს შენობათა დაცვა, აგრეთვე მათში არსებული ქონებისა და საკონსულოს არქივის დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს;
c)წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია თავისი ინტერესებისა და თავის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ანდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის;
2.საკონსულო დაწესებულების დროებით და საბოლოო დახურვის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 1 პუნქტის "a" ქვეპუნქტის დებულებები, გარდა ამისა:
a)თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მაგრამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, ამ საკონსულო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს დახურული საკონსულო დაწესებულების შენობის, მასში დაცული ქონების და საკონსულოს არქივის დაცვა და, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულოს ფუნქციათა შესრულება ამ საკონსულო დაწესებულების ოლქში;
b)თუ წარმდგენ სახელმწიფოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და სხვა საკონსულო დაწესებულება, გამოიყენება ამ მუხლის 1 პუნქტის b და c ქვეპუნქტის დებულებები

თავი II.
საკონსულო დაწესებულებების, საკონსულოს შტატიან თანამდებობის
პირთა და სხვა თანამშრომელთა უპირატესობანი პრივილეგიები და იმუნიტეტები

 კარი 1.
საკონსულო დაწესებულებათა უპირატესობანი,
პრივილეგიები და იმუნიტეტები

მუხლი 28. საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის შემსუბუქება
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას საკონსულო დაწესებულებას თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

მუხლი 29. სახლმწიფო დროშისა და გერბის გამოყენება
1. წარმდგენ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი სახელმწიფო გერბი და დროშა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ამ მუხლის დებულებათა შესაბამიად.
2. წარმდგენი სახელმწიფოს დროშა შეიძლება გამოიკიდოს და მისი სახელმწიფო გერბი დამაგრდეს შენობაზე, რომელიც უკავია საკონსულო დაწესებულებას, მეთაურის რეზიდენციაზე და მისი მიმოსვლის საშუალებებზე, როდესაც ეს დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან.
3. ამ მუხლში გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წეს-ჩვეულებები.

მუხლი 30. კარ-მიდამოთი უზრუნველყოფა
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია თავის ტერიტორიაზე თავის კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად წარმდგენ სახელმწიფოსაგან შეიძინოს საკონსულო დაწესებულებისათვის საჭირო კარმიდამო ან დაეხმაროს სხვა გზით მის მიღებაში.
2. იგი აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, უნდა დახმაროს საკონსულო დაწესებულებას შესაბამის ნაგებობათა მიღებაში.        

მუხლი 31. საკონსულოს კარმიდამოს ხელშეუხებლობა
1. საკონსულოს კარმიდამო ხელშეუხებელია იმდენად, რამდენადაც ეს მუხლი ითვალისწინებს.
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება არა აქვთ შევიდნენ საკონსულოს შენობის იმ ნაწილში, რომელიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების სამუშაოდ გამოიყენება, თუ მათ არა აქვთ საკონსულო დაწესებულების, მის მიერ  დანიშნული პირის ან წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობა. თუმცა შეიძლება იყოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის წინასწარი თანხმობა ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების დროს შესასვლელად, შენობის დაცვის გადაუდებელ ღონისძიებათა გასატარებლად.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულების შესასრულებლად ადგილსამყოფელ სახელმწიფოს აკისრია სპეციალური ვალდებულება ყველაფერი იღონოს საკონსულოს კარ-მიდამოს დასაცავად ყოველგვარი შეჭრის და ზარალის მიყენებისაგან, ასევე ააცილოს საკონსულო დაწესებულებას სიმშვიდის დარღვევისა და ღირსების შელახვის ცდები.
4. საკონსულოს კარ-მიდამო, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება და მიმოსვლის საშუალებები სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ყველა სახის რეკვიზიციისაგან დაცულია იმუნიტეტით. ზემოაღნიშნული მიზნით შენობის გასხვისების აუცილებლობის შემთხვევაში ყოველგვარი შესაძლებელი ღონისძიებანი ხორციელდება იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საკონსულო ფუნქციების შესრულება და წარმდგენ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უხდიან შესაბამის და ეფექტიან კომპენსაციას ამისათვის.

მუხლი 32. საკონსულოს კარ-მიდამოს განთავისუფლება გადასახადისგან
1.საკონსულოს კარ-მიდამო და საკონსულო დაწესებულების შტატიანი მეთაურის რეზიდენცია, რომელთა მფლობელი ან დამქირავებელი წარმდგენი სახელმწიფო ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული თუ მუნიციპალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა კონკრეტული სახის მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგადასახადო შეუვალობანი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე, ბაჟსა და გადასახადებზე, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა გადაიხადონ იმ პირებმა, რომლებმაც ხელშეკრულება დადეს წარმდგენ სახელმწიფოსთან, ან მისი სახელით მოქმედ პირთან.

მუხლი 33. საკონსულოს არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა
საკონსულოს არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.

მუხლი 34. მიმოსვლის თავისუფლება
რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება კანონებსა და წესებს ზონებზე, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების ყველა მუშაკის მიმოსვლის და მოგზაურობის თავისუფლება.

მუხლი 35. ურთიერთობის თავისუფლება
1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია ნება დართოს და დაიცვას საკონსულო დაწესებულების თავისუფალი ურთიერთობა ყოველნაირი ოფიციალური მიზნით. წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, სადაც უნდა იმყოფბოდნენ ისინი, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება, დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური და საკონსულო ვალიზების და კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების ჩათვლით. თუმცა საკონსულო დაწესებულებაში რადიოგადამცემის დადგმა და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება მთელი კორესპონდენცია, რომელიც ეხება საკონსულო დაწესებულებას და მის ფუნქციებს.
3. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება არც გახსნას და არც დაკავებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სერიოზული საფუძველი დაეჭვდნენ, რომ ვალიზა ამ მუხლის მე - 4 პუნქტში ჩამოთვლილი კორესპონდენციების, დოკუმენტების ან ნივთების გარდა შეიცავს სხვა რამესაც, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის გახსნა წარმდგენი სახელმწიფოს რწმუნებულის თანდასწრებით. თუ წარმდგენი სახელმწიფოს ხელისუფლება უარს იტყვის ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვალიზა ბრუნდება იქ, საიდანაც გაიგზავნა.
4. საკონსულო ვალიზის შემდგენელ ყველა შეკვრას გარედან შესამჩნევად უნდა ეწეროს, რა არის შიგნით, და უნდა შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას და დოკუმენტებს, ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ ნივთებს.
5. საკონსულოს კურიერს ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი შეკვრების რიცხვი. იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, როცა არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა, საკონსულოს კურიერი არ შეიძლება იყოს ადილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე და არც პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ ქვეყანაში. თავისი ფუნქციების შესრულებისას მას იცავს ადგილსამყოფელი სახელმწიფო, სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება არავითარი ფორმით.
6. წარმდგენ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ სპეციალური საკონსულო კურიერები ad hoc. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე -5 პუნქტის დებულებანი, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ მასში მოხსენებული იმუნიტეტები მაშინვე წყვეტს მოქმედებას, როგორც კი კურიერი მისთვის მინდობილ საკონსულო ვალიზას დანიშნულების ადგილას ჩააბარებს.
7. საკონსულო ვალიზა შეიძლება ჩაბარდეს გემის ან სამოქალაქო თვითმფრინავის მეთაურს, რომლებიც მიდიან ამ პორტში ან აეროპორტში, სადაც ჩასვლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში მას ეძლევა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია. რამდენი შეკვრისაგან შედგება ვალიზა, მაგრამ ის არ ითვლება საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გაგზავნოს ერთ-ერთი მუშაკი, რომელიც გემის ან თვითმფრინავის მეთაურისაგან უშუალოდ და დაუბრკოლებლად ჩაიბარებს ვალიზას.

მუხლი 36. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობა და კონტაქტები.                          
1. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ურთიერთობაში საკონსულო ფუნქციების შესრულების გასაადვილებლად:
a) საკონსულოს თანამდებობის პირებს შეუძლიათ თავისუფალი ურთიერთობა ქონდეს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებთან და შეხვდნენ მათ. წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც ასეთივე თავისუფლება აქვთ იმაში, რაც ეხება წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულოს თანამდებობის პირებთან მათ ურთიერთობას და მათთან შეხვედრას;
b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ აცნობონ წარმდგენი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დააპატიმრეს, სატუსაღოში მოათავსეს ან დააკავეს სასამართლო გარჩევის მოლოდინში ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ იგი ამას თხოულობს. ყველა შეტყობინება, რომელსაც ამ საკონსულო დაწესებულებას უთვლის დაპატიმრებული, სატუსაღოში მოთავსებული ან დაკავებული პირი, ამ ორგანოებმა ასევე დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულმა ორგანოებმა მაშინვე უნდა გააცნონ ამ პირს უფლებები, როლებიც მას აქვს ამ ქვეპუნქტის მიხედვით;
c) საკონსულოს თანამდებობის პირებს აქვთ უფლება მოინახულონ სატუსაღოში მყოფი და დაკავებული თავიანთი ქვეყნის მოქალაქე, ესაუბრონ მას, ასევე მიმოწერა იქონიონ მასთან და ყველაფერი იღონონ, რათა ის პირი უზრუნველყონ იურიდიული წარმომადგენლობით. მათ ასევე აქვთ უფლება მოინახულონ წარმდგენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება სატუსაღოში, დაპატიმრებული ან დაკავებულია მათს ოლქში სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად. და მაინც საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ და არ გამოვიდნენ სატუსაღოში მყოფი, დაპატიმრებული ან დაკავებული მოქალაქის სახელით, თუ იგი ამის აშკარად წინააღმდეგია.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და წესები ხელს შეუწყობს სრულ განხორციელებას იმ მიზნებისა, რისთვისაც განკუთვნილია ამ მუხლით მინიჭებული უფლებები.

მუხლი 37. გარდაცვალების, მეურვეობის ან მზრუნველობის და გემის და თვითმფრინავის ავარიების შეტყობინება
თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ისინი ვალდებულნი არიან:
a) წარმდგენი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ეს იმ საკონსულო დაწესებულებას, რომლის ოლქშიც გარდაცვლილია პიროვნება;
b) დაუყოვნებლივ აცნობონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ყოველი შემთხვევა, როცა მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება არასრულწლოვანი ან სხვა, სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს და ეს პირი წარმდგენი ქვეყნის მოქალაქეა. ამასთან ამ ინფორმაციამ არ უნდა შეაფერხოს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონები და წესები მსგავს დანიშვნებთან დაკავშირებით;
c) თუ წარმდგენი სახელმწიფოს გემმა განიცადა კატასტროფა ან დაჯდა მეჩეჩზე ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ ან შიდა წყლებში, ან წარმდგენ სახელმწიფოში რეგისტრირებულ თვითმფრინავს მოუხდა ავარია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე საკონსულო დაწესებულებას.

მუხლი 38. ურთიერთობა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან
თავისი ფუნქციების შესრულებისას საკონსულოს თანამდებობის პირებს შეუძლიათ მიმართონ:
a) კომპეტენტურ ადგილობრივ ორგანოებს თავის საკონსულო ოლქში;
b) ადგილსამყოფელი ქვეყნის ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოებს, იმდენად, რამდენადაც ეს დაშვებულია ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებითა და წეს-ჩვეულებებით ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

მუხლი 39. საკონსულო მოსაკრებლები
1. საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასრულებელი საკონსულო აქტებისათვის შეუძლია გადაახდევინოს მოსაკრებლები ან ბაჟი თავისი ქვეყნის კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. მოსაკრებლებისა და ბაჟის სახით შეგროვილი თანხა, რომელიც მოხსენიებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, და ასეთი მოსაკრებლებისა და ბაჟის მიღების ქვითრები თავისუფლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ყველა გადასახადის, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.

კარი II

შტატიან საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო
დაწესებულების სხვა მუშაკთა უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები

მუხლი 40. საკონსულოს თანამდებობის პირთა დაცვა
ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია შესაფერისი პატივით მოეპყრას საკონსულოს თანამდებობის პირებს და ყველა ღონე იხმაროს მათი პიროვნების, თავისუფლების ან ღირსების რაიმე სახით ხელყოფის თავიდან ასაცილებლად.

მუხლი 41. საკონსულოს თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა
1.საკონსულოს თანამდებობის პირთა დაპატიმრება ან წინასწარ პატიმრობაში აყვანა არ შეილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, არ შეიძლება საკონსულოს თანამდებობის პირთა სატუსაღოში ჩასმა, არც არანაირი სხვა ფორმით მათი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება.
3.თუ საკონსულოს თანამდებობის პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იგი ვალდებულია გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში; და მაინც, საქმის წარმოებისას პატივისცემით უნდა მოეპყრან მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო, და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა გარდა რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეუშალონ ხელი საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. როცა აუცილებელი ხდება საკონსულოს თანამდებობის პირის დაკავება ამ მუხლის პირველი პუნქტს შესაბამისად, მის წინააღმდეგ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დაიწყოს სასამართლო დევნა.

მუხლი 42. დაპატიმრების, წინასწარი დაკავების ან სასამართლო დევნის   შეტყობინება               
საკონსულოს პერსონალის მუშაკის დაპატიმრების, წინასწარი დაკავების ან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყანა დაუყოვნებლივ ატყობინებს ამას საკონსულო დაწესებულების მეთაურს. თუ ასეთი ღონისძიებანი თვითონ მის მიმართ ხორციელდება, ადგილსამყოფელი სახელმწიფო დიპლომატიური არხებით აცნობებს ამას წარმდგენ სახელმწიფოს.

მუხლი 43. იმუნიტეტი ირისდიქციისაგან
1. საკონსულოს თანამდებობის პირები და საკონსულოს მოსამსახურენი არ ექვემდებარებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლო თუ ადმინისტრაციული ორგანოების იურისდიქციას, იმისათვის, რასაც თავიანთი საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მოიმოქმედებენ.
2. მაგრამ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებანი არ გამოიყენება სამოქალაქო სარჩელის მიმართ, თუ:
a) იგი გამომდინარეობს საკონსულოს თანამდებობის პირის ან საკონსულოს მომსახურის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად მათ პირდაპირ ან ირიბად არ აკისრიათ ვალდებულება, როგორც წარმდგენი სახელმწიფოს აგენტებს; ან
b) იგი აღძრა მესამე მხარემ, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საგზაო-სატრანსპორტო საშუალების, გემის და თვითმფრინავის უბედური შემთხვევით გამოწვეული მიზნებისათვის.

მუხლი 44. მოწმის ჩვენების მიმცემი მოვალეობა
1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებისას. საკონსულო მოსამსახურეს თუ მოსამსახურე პერსონალის მუშაკს, ამმუხლის მე -3 პუნქტში მოხსენიებულ შემთხვევათა გარდა, უფლება არა აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. თუ საკონსულოს თანამდებობის პირი უარს ამბობს მისცეს ჩვენება, მის წინააღმდეგ არ შეიძლება გამოიყენონ იძულების ან დასჯის არავითარი ღონისძიება.
2. ორგანო, რომელსაც სჭირდება საკონსულოს თანამდებობის პირის ჩვენება, ვალდებულია თავიდან ააცილოს ამ პირს დაბრკოლება თავისი ფუნქციების შესრულებაში. მას შეუძლია, როცა ეს შესაძლებელია, მოისმინოს ჩვენება ამ პირის ბინაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მიიღოს მისგან წერილობითი ჩვენება.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მათი ფუნქციების შესრულებას, ან წარუდგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. მათ ასევე არ ევალებათ მისცენ ჩვენება, რომელიც ეხება წარმდგენი ქვეყნის კანონმდებლობის განმარტებას.

მუხლი 45. პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე უარის თქმა
1. წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა ნებისმიერ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია 41-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით.
2. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს გარკვევით გამოთქმული და წერილობით ეცნობოს იგი ადგილსამყოფელ სახელმწიფოს.
3. საკონსულოს თანამდებობის პირის ან საკონსულოს მოსამსახურის მიერ საქმის აღძვრა იმ შემთხვევაში, როცა მას შეეძლო ესარგებლა იურისდიქციისადმი იმუნიტეტით, 43-ე მუხლის თანახმად, ართმევს მას უფლებას დაიმოწმოს ასეთი იმუნიტეტი ნებისმიერი შემხვედრი სარჩელის მიმართ, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ძირითად სარჩელთან.
4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტზე უარის თქმა არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად აღმასრულებელი მოქმედებისადმი იმუნიტეტზე უარის თქმას, ასეთ მოქმედებათა მიმართ აუცილებელია ცალკე უარი.         

მუხლი 46. უცხოელთა რეგისტრაციისაგან და ცხოვრების ნებართვის   მიღებისაგან განთავისუფლება                        
1. საკონსულოს თანამდებობის პირი, საკონსულოს მოსამსახურენი და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციის მიმართ, და ცხოვრების ნებართვის მიღებისაგან.
2. ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება საკონსულოს ყოველი მოსამსახურის მიმართ, რომელიც არ არის წარმდგენი სახელმწიფოს მუდმივი მოსამსახურე ან ეწევა კერძო საქმიანობას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შემოსავლის მიღების მიზნით, აგრეთვე ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ.

მუხლი 47. მუშაობის ნებართვის მიღებისაგან განთავისუფლება
1. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს წარმდგენი სახელმწიფოსათვის, თავისუფლდებიან მუშაობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებებისაგან. რომლებიც დადგენილია უცხოელთა სამუშაოდ დაქირავების შესახებ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით.
2. საკონსულოს თანამდებობის პირთა და საკონსულოს მოსამსახურეთა კერძო შინამუშაკები, თუ ისინი ადგილსამყოფელ ქვეყანაში სხვა არავითარ სამუშაოს არ ეწევიან შემოსავლის მიღების მიზნით, თავისუფლდებიან ამ მუხლის 1 პუნქტში აღნიშნული ვალდებულებებისაგან.

მუხლი 48. შეუვალობა, რომელიც სოციალურ უზრუნველყოფას განკუთვნება                        
1. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრნველყოფის შესახებ არ ვრცელდება საკონსულო დაწესებულების მუშაკებსა და მათთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებზე, რომლებიც სამუშაოს წარმდგენი სახელმწიფოსათვის ასრულებენ.
2. ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა ვრცელდება აგრეთვე კერძო შინამუშაკებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მუშაკებს ემსახურებიან, იმ პირობით თუ:
a) არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქენი და არ ცხოვრობენ იქ მუდმივად; და
b) მათზე ვრცელდება წარმდგენ ან მესამე სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, რომლებიც ქირაობენ პირთ, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული შეუვალობა, უნდა ასრულებდნენ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრებათ დამქირავებლებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი დადგენილებებით სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
4. ამ მუხლის 1 და მე - 2  პუნქტებით გათვალისწინებული შეუვალობა ხელს არ უშლის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფილობით მონაწილეობას იმ პირობით, თუ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიერ.

მული 49. საგადასახადო შეუვალობა
1. საკონსულოს თანამდებობის პირნი და საკონსულოს მოსამსახურენი, აგრეთვე მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი პირადი და ქონებრივი, სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან. გამონაკლისია:
a) არაპირდაპირი გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში შედის;
b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კერძო უძრავი ქონების მოსაკრებლები და გადასახადები; 32-ე მუხლის დებულებით გათვალისწინებული შეუვალობით;
 c) სამემკვიდრეო ქონების გადასახადი ან სამემკვიდრეო ბაჟი, ან ქონების გადასვლის გადასახადი, რომლებსაც ადგილსამყოფელი სახელმწიფო ახდევინებს, 51-ე მუხლის "b" პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული შეუვალობით;
d) კერძო შემოსავლის, აგრეთვე იმ კაპიტალიდან მიღებული შემოსავლის გადასახადები და მოსაკრებლები, რომლის წყარო ადგილსამყოფელ სახელმწიფოშია, და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომერციულ ან საფინანსო დაწესებულებაში კაპიტალდაბანდების გადასახადები;
e) კონკრეტული სახის მომსახურების მოსაკრებლები;
f) სარეგისტრაციო, სასამართლო და სარეესტრო ბაჟი, იპოთეკური მოსაკრებლები, საგერბო მოსაკრებლები, 32-ე მუხლის დებულებებით გათვალისწინებული შეუვალობით.
2. მომსახურე პერსონალის მუშაკები თავისუფლდებიან თავიანთი სამუშაოსათვის ხელფასის გადასახადისაგან, მოსაკრებლებისა და ბაჟისაგან.
3. საკონსულო დაწესებულების მუშაკები, როლებიც ქირაობენ პირთ, საშემოსავლო გადასახადით, ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ეკისრებათ დამქირავებლებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხში.

მუხლი 50. ბაჟისა და საბაჟო შემოწმებისაგან განთავისუფლება
1.ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იქ მიღებული კანონებისა და წესების შესაბამისად, ნებას რთავს შემოზიდონ და ათავისუფლებს ყოველგვარი ბაჟისაგან, გადასახადებისა და ამასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, შენახვის, გადაზიდვისა და სხვა ამგვარი მომსახურების მოსაკრებლების გარდა:
a) საგნებს, რომლებიც საკონსულო დაწესებულებას ოფიციალური გამოყენებისათვის სჭირდება;
b) საგნებს, რომლებიც საკონსულოს თანამდებობის პირს ან მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს პირადი გამოყენებისათვის სჭირდებათ,მათ შორის საყოფაცხოვრებო საგნებს ოჯახის მოსაწყობად. სამომხმარებლო საქონლის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ უშუალო მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობას.
2. საკონსულოს მოსამსახურენი სარგებლობენ ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმ საგნების ბაჟისაგან განთავისუფლებით, რომლებიც შემოზიდულია თავდაპირველი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის.
3. საკონსულოს თანამდებობის პირთა და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი ბარგი, რომელიც მათ თან მიაქვთ, თავისუფლდება შემოწმებისაგან. იგი შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სერიოზული ეჭვი, რომ მასში არის სხვა საგნები, რომლებიც მოხსენიებული არ არის ამ მუხლის 1 პუნქტის "b" ქვეპუნქტში, ან საგნები, რომელთა შემოტანა და გატანა აკრძალულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით ან ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საკარანტინო კანონებსა და წესებს. ასეთი შემოწმება უნდა ხდებოდეს შესაბამისი საკონსულოს თანამდებობის პირის ან ოჯახის წევრის თანდასწრებით.

მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების მუშაკთა და მათი ოჯახის წევრების სამემკვიდრეო ქონება                     
საკონსულო დაწესებულების მუშაკის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფო:
a) აძლევს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გატანის ნებას, იმ ქონების გარდა, რომელიც შეძენილია ადგილსამყოფელ ქვეყანაში და მისი გატანა აკრძალული იყო მისი გარდაცვალების მომენტისათვის;
b) არ ახდევინებს არავითარ სახელმწიფო, რაიონულ ან მუნიციპალურ სამემკვიდრეო გადასახადს ან მოძრავი ქონების სამემკვიდრეო ბაჟს, რომელიც ადგილსამყოფელ სახლმწიფოში აქვს გარდაცვლილ პირს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამ სახელმწიფოში იმყოფება როგორც საკონსულოს დაწესებულების მუშაკი ან მისი ოჯახის წევრი.

მუხლი 52. პირადი ბეგარისა და დაბეგვრისაგან განთავისუფლება
ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია საკონსულო დაწესებულების მუშაკები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები გაათავისუფლოს ყოველგვარი შრომითი და სახელმწიფო ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სამხედრო ბეგარისაგან, როგორიც არის რეკვიზიცია, კონტრიბუცია და ბინის გადაცემა ჯარის სადგომად.

მუხლი 53. საკონსულო პრივილეგიებსა და იმუნიტეტის დაწყება და დამთავრება.
1.საკონსულო დაწესებულების თითოეული მუშაკი ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს იმ მომენტიდან, როცა იგი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ჩამოდის დანიშნულების ადგილზე მისასვლელად ან, თუ უკვე იმყოფება ამ ტერიტორიაზე და შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას საკონსულო დაწესებულებაში.
2.საკონსულო დაწესებულების მუშაკის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, და მისი კერძო შინამუშაკები ამ კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ იმ მომენტიდან, როცა მას მიენიჭება პრივილეგიები და იმუნიტეტები ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ჩამოსვლის მომენტიდან, ან იმ მომენტიდან, როცა ისინი მისი ოჯახის წევრები ან კერძო შინამუშაკები გახდნენ, იმის მიხედვით, თუ რა მოხდა მოგვიანებით.
3.როცა წყდება საკონსულო დაწესებულების მუშაკის ფუნქციები, გრძელდება, ომის შემთხვევაშიც კი, მისი პრივილეგიები და იმუნიტეტები, აგრეთვე მისი ოჯახის წევრის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომელიც ცხოვრობს იმ მომენტში, როცა მოცემული პირი ტოვებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, ან ამის გასაკეთებლად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე. რაც შეეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ნახსენებ პირთ, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როცა ისინი აღარ არიან საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრები ან ტოვებენ მასთან სამსახურს, ოღონდ იმ პირობით, თუ ასეთი პირნი აპირებენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათ პრივილეგიები და იმუნიტეტები უნარჩუნდებათ გამგზავრების მომენტამდე.
4.მაგრამ საკონსულოს თანამდებობის პირის ან საკონსულოს მომსახურე პირის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი მოქმედების მიმართ იურისდიქციისადმი იმუნიტეტი გრძელდება ვადის შეუზღუდავად.
5.საკონსულო დაწესებულების მუშაკის გარდაცვალების შემთხვევაში მასთან ერთად მცხოვრები მისი ოჯახის წევრები განაგრძნობენ მათთვის მინიჭებულ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან წასვლის მომენტამდე ან ადგილსამყოფელი ქვეყნიდან წასასვლელად საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტიდან რომელი დადგება უფრო ადრე.

მუხლი 54. მესამე სახელმწიფოთა მოვალეობანი
1. თუ საკონსულოს თანამდებობის პირი დანიშნულების ადგილზე გამგზავრებისას ან თავის პოსტზე დაბრუნებისას, ან წარმდგენ სახელმწიფოში დაბრუნებისას, გაივლის ან იმყოფება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც ვიზა მისცა, თუ ასეთი საჭიროა, მესამე სახელმწიფო მას ანიჭებს ამ კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ ყველა იმუნიტეტს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ჩამოსვლის ან დაბრუნებისათვის. ეს ვრცელდება მისი ოჯახის წევრებზეც, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ და სარგებლობენ ასეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როცა საკონსულოს თანამდებობის პირს თან ახლავს ან განცალკევებით, რათა შეუერთდეს მას ან დაბრუნდეს წარმდგენ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებულ გარემოებებში სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ მათს ტერიტორიაზე სხვა საკონსულო დაწესებულების მუშაკთა ან მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების გავლას.
3.მესამე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ტრანზიტად გამვლელი ოფიციალური კორესპონდენციების და სხვა ოფიციალური ცნობების, მათ შორის კოდირებული ან დაშიფრული დეპეშების, ისეთივე თავისუფლება და დაცვა, რომლებსაც უნდა ანიჭებდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ კონვენციის შესაბამისად. მათ საკონსულოს კურირებს, რომლებსაც მიცემული აქვთ ვიზები, თუ ასეთი საჭიროა, აგრეთვე ტრანზიტად მიმავალ საკონსულოს ვალიზებს, უნდა მიანიჭონ ისეთივე ხელშეუხებლობა და დაცვა, რომლებიც ვალდებულია მიანიჭოს ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ამ კონვენციის შესაბამისად.
4.ამ მუხლის 1, 2 და 3 პუნქტებით გათვალისწინებული მესამე სახელმწიფოთა მოვალეობანი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, და იმ ოფიციალურ ცნობებსა და საკონსულოს ვალიზაზე, რომელთა არსებობა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.

მუხლი 55. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების  პატივისცემა                          
1. ყველა პირი, ვინც პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია თავისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს. ისინი აგრეთვე ვალდებულნი არიან არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
2. საკონსულოს კარ-მიდამოს არ უნდა იყენებდნენ საკონსულოს ფუნქციების შესრულებასთან შეუთავსებელი მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულება არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კანცელარიები და სხვა ორგანოები ან დაწესებულებები განლაგდეს შენობის ნაწილში, სადაც არის საკონსულოს სათავსები, იმ პირობით, რომ ასეთი კანცელარიისათვის გამოყოფილი სათავსები განცალკევებული იქნება სათავსებისაგან, რომლებითაც საკონსულო დაწესებულება სარგებლობს. ამ შემთხვევაში აღნიშნული კანცელარიები, ამ კონვენციის თანახმად, არ წარმოადგენენ საკონსულო სათავსებს.

მუხლი 56. მესამე პირთათვის მიყენებული ზიანისაგან დაზღვევა
საკონსულო დაწესებულების მუშაკებმა უნდა დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებით და წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა იმ ზიანისაგან დაზღვევის მხრივ, რომელიც შეიძლება მიადგეს მესამე პირს ყოველგვარი საგზაო-სატრანსპორტო საშუალების, გემის ან თვითმფრინავის გამოყენების გამო.

მუხლი 57. შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობის სპეციალური     დებულებანი     
1. საკონსულოს შტატის თანამდებობის პირნი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდნენ რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას პირადი შემოსავლის მიღების მიზნით.
2. ამ თავით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ:
a) საკონსულოს მოსამსახურეებს ან მომსახურე პერსონალის მუშაკებს, რომლებიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით;
b) იმ პირის ოჯახის წევრებს, რომელზეც ლაპარაკია ამ პუნქტის "a" ქვეპუნქტში, ან მის კერძო შინამუშაკებს;
c) საკონსულო დაწესებულების მუშაკის ოჯახის წევრებს, რომლებიც თვითონ ეწევიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით.

 

თავი III 
რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო
თანამდებობის პირებისადმი და იმ საკონსულო
დაწესებულებებისადმი, რომლებსაც ეს თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ

მუხლი 58. ზოგადი დებულებები, რომლებიც ეხება უპირატესობებს, პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს                        
1. მუხლები 28,29,30,34,35,36,37,38 და 39, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო დაწესებულებების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებით.
2. მუხლები 42 და 43, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მუხლები 45 და 53 და 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ვრცელდება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებზე. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო თანამდებობის პირების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლებით.
3. ამ კონვენციით გათვალისწინებული პრიველეგიები და იმუნიტეტები არ ეძლევათ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს და საკონსულოს მოსამსახურეებს, რომლებიც მუშაობენ იმ საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი.
4. საკონსულო ვალიზების გაცვლა ამ ორ საკონსულო დაწესებულებას შორის, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები და იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოში, ნებადართული არ იქნება შესაბამისი ორი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე.     

მუხლი 59. საკონსულოს კარ-მიდამოს დაცვა
ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი იღონოს იმ საკონსულო დაწესებულების, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულოს შენობის ყოველგვარი შეჭრისაგან ან ზარალის მიყენებისაგან დასაცავად და საკონსულო დაწესებულებების მყუდროების ყოველგვარი დარღვევის ან მისი ღირსების შელახვის აღსაკვეთად.

მუხლი 60. გადასახადისაგან საკონსულოს კარ-მიდამოს განთავისუფლება
1. იმ საკონსულო დაწესებულების საკონსულოს კარ-მიდამო, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი და რომლის მფლობელი და დამქირავებელია წარმდგენი სახელმწიფო, განთავისუფლებულია ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან, გარდა ისეთისა, როგორიც კონკრეტულ სახეობათა მომსახურების ანაზღაურებაა.
2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მოხსენიებული გადასახადებისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება იმ მოსაკრებელზე, ბაჟსა და გადასახადზე, რომელიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების თანახმად უნდა გადაიხადოს პირმა, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული წარმდგენ სახელმწიფოსთან.

მუხლი 61. საკონსულოს არქივისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა
იმ საკონსულოს არქივი და საკონსულო დაწესებულების დოკუმენტები, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, ხელშეუხებელია ყოველთვის დროისა და ადგილმდებარეობის მიუხედავად, იმ პირობით, რომ ის ინახება სხვა ქაღალდებისა და დოკუმენტების, მათ შორის საკონსულო დაწესებულების მეთაურის და ყველა სხვა მასთან მომუშავე პირის პირადი კორესპონდენციის, აგრეთვე მათი პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო მასალების, წიგნებისა და დოკუმენტებისაგან განცალკევებით.         

მუხლი 62. ბაჟისაგან განთავისუფლება
ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონების და წესების შესაბამისად, საკონსულო დაწესებულებას, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, ნებას რთავს შემოიტანოს შემდეგი საგნები და ათავისუფლებს მათ ყოველგვარი ბაჟის, გადასახადის და მათთან დაკავშირებული მოსაკრებლებისაგან, გარდა შენახვის, გადაზიდვის და სხვა ამგვარი მომსახურების ხარჯებისა, იმ პირობით, რომ ისინი განკუთვნილია ამ დაწესებულების ოფიციალური მოხმარებისათვის: სახელმწიფო გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალები, საკანცელარიო ავეჯი, საკანცელარიო მოწყობილობა და სხვა მსგავსი საგნები, რომლებსაც საკონსულო დაწესებულება ღებულობს სახელმწიფოსაგან, რომლის წარმომადგენელიცაა ის ან ამ უკანასკნელის მოთხოვნით.    

მუხლი 63. სისხლის სამართლის საქმეები
თუ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს პირი უნდა გამოცხადდეს კომპეტენტურ ორგანოებში. ამის მიუხედავად საქმის წარმოების დროს მას პატივისცემით უნდა მოეპყრან მისი ოფიციალური მდგომარეობის გამო და, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც ის დაპატიმრებულია ან დაკავებულია, რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლებები უნდა შეუქმნან საკონსულო ფუნქციების შესრულებაში. როდესაც იქმნება აუცილებლობა დააკავონ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი, სასამართლო დევნა მის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.        

მუხლი 64. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირთა დაცვა
ადგილსამყოფელი სახლემწიფო ვალდებულია საპატიო საკონსულო თანამდებობის პირს გამოუყოს ისეთი დაცვა, როგორიც შეიძლება დასჭირდეს მას თავის ოფიციალურ თანამდებობასთან დაკავშირებით.

 მუხლი 65. უცხოელთა რეგისტრაციისაგან და საცხოვრებელი ნებართვის მიღებისაგან განთავისუფლება             
საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები, იმათ გარდა, რომლებიც პირადი შემოსავლის მიღების მიზნით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მისდევენ რაიმე პროფესიულ თუ კომერციულ საქმიანობას, თავისუფლდებიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით უცხოელთა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ნებართვის მიღების შესახებ დადგენილი ყოველგვარი მოვალეობისაგან.     

მუხლი 66. საგადასახადო შეუვალობა
საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი თავისუფლდება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის წარმდგენი სახელმწიფოსაგან მიღებული გასამრჯელოსა და ხელფასიდან ყოველგვარი გადასახადის, მოსაკრებლისა და ბაჟის გადახდისაგან.  

მუხლი 67. პირადი ბეგარისა და დაბეგვრისაგან განთავისუფლება
ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი უნდა გაათავისუფლოს ყოველგვარი შრომითი და სახელმწიფო ბეგარისაგან, მათი ხასიათის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სამხედრო ბეგარისაგან, როგორიცაა რეკვიზიცია, სამხედრო კონტრიბუცია და ჯარისათვის ბინის დათმობა.       

მუხლი 68. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირთა ინსტიტუტის ფაკულტატური ხასიათი               
ყოველი სახელმწიფო თავისუფალია გადაწყვიტოს, დანიშნოს ან მიიღოს თუ არა საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები.

 

თავი IV
ზოგადი დებულებები

მუხლი 69. საკონსულოს აგენტები, რომლებიც არ არიან საკონსულო დაწესებულებების უფროსები              
1.ყოველი სახელმწიფო თავისუფალია გადაწყვიტოს, დაარსებს თუ დაუშვებს საკონსულო სააგენტოს დაარსებას, რომლებსაც უხელმძღვანელებენ საკონსულო აგენტები, რომლებიც წარმდგენი სახელმწიფოს მიერ არ არიან დანიშნული საკონსულო დაწესებულებების უფროსებად.
2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მოხსენიებულ საკონსულო სააგენტოების მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულების პირობები, აგრეთვე მათი ხელმძღვანელი საკონსულო აგენტების პრიველეგიები და იმუნიტეტები დადგინდება წარმდგენ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკების თანახმად.

მუხლი 70. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულოს ფუნქციების შესრულება                          
1.დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულოს ფუნქციების შესრულების შემთხვევაში ამ კონვენციის დებულებები გამოიყენება იმდენად, რამდენადაც ეს გამომდინარეობს კონტექსტიდან.
2.დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გვარები, რომლებიც დაინიშნენ საკონსულო განყოფილებაში ან რომლებსაც სხვაგვარად დაევალათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, ეცნობება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან იმ ორგანოს, რომელსაც მიუთითებს ეს სამინისტრო.
3. საკონსულოს ფუნქციების შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს:
a) საკონსულო ოლქის ადგილობრივ ხელმძღვანელობას;
b) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუ ამის უფლებას იძლევა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და წეს-ჩვეულებები ან შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებები.
4.დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის მე -2 პუნქტში, რეგულირდება საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეეხება.

მუხლი 71. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და იქ მუდმივად მცხოვრები პირები     
1.თუ საკონსულო თანამდებობის პირებს, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან იქ მუდმივად ცხოვრობენ, ადგილსამყოფელი სახელმწიფო რაიმე დამატებით უპირატესობებს, პრიველეგიებსა და იმუნიტეტებს არ ანიჭებს, ისინი სარგებლობენ მხოლოდ იურისდქციისაგან იმუნიტეტით და პირადი ხელშეუხებლობით თავიანთი ფუნქციების შესრულებისას ჩადენილი ოფიციალური მოქმედებისათვის და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრიველეგიით. ამ თანამდებობის პირთა მიმართ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ასევე ვალდებულია დაიცვას 42 -ე მუხლში გადმოცემული პირობები. თუ საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო გარჩევა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს პირი დაპატიმრებული ან დაკავებულია, უნდა მიმდინარეობდეს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებად უშლიდეს ხელს საკონსულო ფუნქციების შესრულებას.
2. საკონსულო დაწესებულების სხვა მუშაკები, რომლებიც ადგილსამყოფელი სახემწიფოს მოქალაქეები არიან ან იქ მუდმივად ცხოვრობენ, მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე საკონსულოს იმ თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის 1-ელ პუნქტში, სარგებლობენ უპირატესობით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით იმდენად, რამდენადაც ამას ანიჭებს ადგილსამყოფელი სახელმწიფო. საკონსულო დაწესებულების თანამშრომელთა ოჯახის წევრები და კერძო შინამოსამსახურენი, რომლებიც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ან იქ მუდმივად ცხოვრობენ, ასევე სარგებლობენ უპირატესობებით, პრიველეგიებით და იმუნიტეტებით იმდენად, რამდენადაც ამას ანიჭებს მათ ადგილსამყოფლი სახელმწიფო. ოღონდ, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ თავისი იურისდიქცია უნდა განახორციელოს ამ პირთა მიმართ იმგვარად. რომ საკონსულო დაწესებულების ფუნქციების შესრულებას არსასურველი დაბრკოლებები არ შეუქმნას.

მუხლი 72. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
1.ამ კონვენციის დებულებათა გამოყენებისას ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ არ უნდა მიმართოს სახელმწიფოთა შორის დისკრიმინაციას.
2. ოღონდ, არ ითვლება რომ დისკრიმინაცია ხდება:
a) თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამ კონვენციის რომელიმე დებულებას შეზღუდულად გამოიყენებს იმ წარმდგენი სახელმწიფოს დაწესებულების მიმართ, რომელიც ასევე შეზღუდულად იყენებს მას მისი საკონსულო დაწესებულების მიმართ.
b) თუ სახელმწიფოები წეს-ჩვეულების ან შეთანხმების თანახმად ერთმანეთს უფრო ხელსაყრელ რეჟიმს ანიჭებენ, ვიდრე ამ კონვენციის დებულებებითაა გათვალისწინებული.

მუხლი 73. ამ კონვენციის დამოკიდებულება სხვა საერთაშორისო    შეთანხმებებთან          
1. ამ კონვენციის დებულებები გავლენას არ ახდენენ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც მოქმედებენ მათში ჩართულ სახელმწიფოთა შორის.
2. ამ კონვენციის არც ერთი დებულება ხელს არ შლის სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც განამტკიცებენ, ავსებენ, ავრცობენ ან აფართოებენ მის დებულებებს. 

 

თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 74. ხელმოწერა
ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის, რომელნიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან სპეციალიზებულ დაწესებულებათა წევრები არიან, ან სახელმწიფოთათვის, რომელთაც საერთაშორისო სასამართლოს წევრის სტატუსი აქვთ, აგრეთვე ყველა სხვა სახელმწიფოსათვის, რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა შესთავაზებს კონვენციის მონაწილეობას 1963 წლის 31 ოქტომბრამდე- ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში, შემდეგ კი, 1964 წლის 31 მარტამდე - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიუ-იორკის ცენტრალურ დაწესებულებებში.

მუხლი 75. რატიფიკაცია
ეს კონვენცია რატიფიკაციას ექვემდებარება. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.    

მუხლი 76. შეერთება
ეს კონვენცია ღიაა შესაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც მიეკუთვნება 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს. შეერთების აქტები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.     

მუხლი 77. ძალაში შესვლა
1.ეს კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ აქტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესანახად ჩაბარების ოცდამეათე დღეს.
2.ყოველი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს კონვენციის რატიფიკაციას ან შეუერთდება მას ოცდამეორე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.     

მუხლი 78. გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების გაგზავნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  გენერალური მდივანი აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება:
a) 74-ე, 75-ე და 76-ე მუხლების თანახმად, ამ კონვენციის ხელმოწერის და სარატიფიკაციო სიგელების ან შეერთების აქტების შესანახად ჩაბარების შესახებ;
b) 77-ე მუხლის თანახმად, ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.   

მუხლი 79. ტექსტის ავთენტიკურობა
ამ კონვენციის დედანი, რომლის ტექსტებიც რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, ჩინურ და ფრანგულ ენებზე ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც დამოწმებულ ასლებს დაუგზავნის ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც ეკუთვნიან 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს.
რის დასტურადაც ქვემორე ხელისმომწერებმა, ჩვენი მთავრობისაგან შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილებმა, ხელი მოვაწერეთ ამ კონვენციას.
დადებულია ვენაში ათას ცხრაას სამოცდასამი წლის ოცდაოთხ აპრილს. 

 -----------------------

საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის
1993 წლის 8 ივნისის დადგენილებით

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
192122232425
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM