|
კითხვა: რა შეფასებას მისცემდით რუსეთის მას-მედიით გავრცელებული ცნობის იმის შესახებ, რომ აშშ სთავაზობს საქართველოს მიაწოდოს 100 მლნ დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალები? პასუხი: გარდა ზემოხსენებული ცნობისა აღსანიშნავია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ.კარასინის შემდეგი შინაარსის განცხადება: "აშშ აგრძელებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას, რაც გვაიძულებს მივიღოთ შესაბიმისი ზომები". სხვა ქვეყნების ურთიერთობების კომენტირების ნაცვლად უპრიანი იქნებოდა რუსეთმა იზრუნოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, უარი თქვას თავისი სამხედრო პოტენციალის უკონტროლო გაზრდაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიან შეთანხმებას და ამ შეთანხმების მოთხოვნის შესაბამისად გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რაც შეეხება შესაბამის ზომებს, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კარგადაა ცნობილი თუ კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთის მხარე, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკის მთავარ იარაღად სამხედრო აგრესია და ინტერვენცია, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მარიონეტული რეჟიმების შექმნა აქცია. ყოველივე ზემოაღნიშნული იმის საკმარის საფუძველს გვაძლევს, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ რუსეთის მხარის მიერ წარმოებულ ანტიქართულ კამპანიას, რომელიც ძალზე წააგავს, კიდევ ერთი შესაძლო სამხედრო აგრესიის "პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას" იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის გასაგებია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ამგვარ დეზინფორმაციულ და აგრესიულ რიტორიკას. ამ ფონზე საერთაშორისო თანამეგობრობას არანაირი ეჭვი აღარ უნდა რჩებოდეს იმის თაობაზე, თუ საიდან მოდის რეალური საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისათვის. 2009 წლის 9 ნოემბერი პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი |
|










