|
მიმდინარე წლის 10-12 ივლისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" გაიმართება. კონფერენციაზე მოწვეულები არიან საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს. კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი თემატური სესია: I სესიაზე - „დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა"-განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის წარმატების მნიშვნელობა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხი, როგორც დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი, მონაწილეები ასევე, ყურადრებას გაამახვილებენ მედიის თავისუფლების მნიშვნელობასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე. II სესიაზე - „გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები" - განიხილება ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა, ძირითადი სადისკუსიო საკითხი იქნება ევროკავშირის როლი აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. III სესიაზე - „ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები" - ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ევროკავშირში თანმიმდევრული ინტეგრაციის გზით ეკონომიკურ მოდერნიზაციიის პერსპექტივებზე. ასევე, განიხილება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, როგორც ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს. IV სესიაზე - „ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი" - განიხილება ერთა შორის თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კულტურა, განათლება და მეცნიერება; ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობა კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში; ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება, როგორც ერებს შორის ინტეგრაციის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობა. მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე: აკრედიტაციები გაიცემა ბათუმში, სასტუმრო შერატონის პრეს-ცენტრში, 10 ივლისს 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე და 11 ივლისს 9:00 საათიდან. საერთაშორისო კონფერენცია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. დამატებითი ინფორმაციისათვის: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონფერენციის წინა დღეს ბათუმში გაიმართება „ევროპის სახალხო პარტიის" აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწოფოებისა და მთავრობის მეთაურების დონეზე.
|
|













