Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გელა დუმბაძე

დაიბადა 1965 წლის 13 ივნისს თბილისში. სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი (წარჩინების დიპლომით), 1999-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში.

1987-1989 წლებში იყო ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანების დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. 1989 წელს დააარსა საბავშვო ესთეტიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებელი იყო მისი დირექტორი დაარსებიდან 1996 წლამდე.

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, პირველ მდივნად, ხოლო 1999-2000 წლებში პრესცენტრის ხელმძღვანელი იყო.

2000-2001 წლებში გადაიყვანეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2001-2005 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს მრჩეველი იყო. 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2007-2009 წლებში — რუსეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2009-2013 წლებში უკრაინაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2013-2014 წლებში ასრულებდა ელჩის მოვალეობას უზბეკეთსა და ტაჯიკეთში.

2014 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2014 წლის 26 ივლისიდან დაინიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2014-2016 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის კომისიას. 2016 წლის 23 სექტემბერს მის მიერ ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის დაბრუნების აქტს. 2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობისთვისთვის დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.

2017 - 2019 წლებში უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.