2024 წლის 17 აპრილს ქ. კიგალიში გაიმართა რიგით პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე, ხოლო რუანდის მხრიდან - მინისტრის მოადგილე, მუდმივმოქმედი მდივანი კლემენტინა მუკეკა. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქმეთა დროებითი რწმუნებული ეთიოპიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში გია მაჭარაძე და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის მეორე მდივანი მარიამ ოსეფაიშვილი.
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები; ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ურთიერთკავშირის გაღრმავების აუცილებლობას სავაჭრო-ეკონომიკურ და განათლების სფეროებში. რუანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის. ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. იმავე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო რუანდის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, ჟან ქრისოსტომ ნგაბიცინზემ. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობასა და ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის სრულად ათვისების პერსპექტივებს. ქართულმა მხარემ რუანდის ვაჭრობის მინისტრს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების დელეგაციამ გამართა შეხვედრა რუანდის ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაუსტინ კარასირასთან. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ორი ქვეყნის დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის.
ვიზიტის დასასრულს სამინისტროს დელეგაცია ეწვია 1994 წელს რუანდაში განხორციელებული მასობრივი გენოციდის მსხვერპლთა მუზეუმს, პატივი მიაგო გენოციდის შედეგად დაღუპული მილიონამდე ადამიანის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გენოციდის მემორიალი.