Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვია

2024 წლის 3 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქს ეწვია, სადაც მან ორმხრივი შეხვედრები გამართა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. მან ასევე მონაწილეობა მიიღო უნგრეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში სახელწოდებით „THE AGE OF ENLARGEMENT: Perspectives on Georgia’s EU Candidacy and Hungary’s Presidency“.


​ვიზიტის ფარგლებში თ. ჯანჯალია შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს უსაფრთხოების საკითხებში პეტერ სტარაის და უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბარნა პალ ზიგმონდის. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია მთელი რიგი მიმართულებებით, რასაც ხელი შეუწყო გასულ წელს ქ. თბილისში გამართულმა ერთობლივმა მთავრობათაშორისმა სამიტმა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით. ასევე, ყურადღება გამახვილდა უნგრეთის, როგორც 2024 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სამოქმედო პროგრამაზე.


თ. ჯანჯალიამ უნგრელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. უნგრეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები