2023 წლის 23 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გამართა შეხვედრა ჩეხეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტების წევრებთან, რომლებიც ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის პრიორიტეტულობას, რომელიც არაერთი მიმართულებით წარმატებით ვითარდება.
საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე. ამ კონტექსტში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას გააცნო საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველოს მისწრაფება და ცივილიზაციური არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მტკიცეა და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს.
ხაზი ასევე გაესვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ამ მიმართებით.
განხილული იქნა შეეხო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზი გაესვა პარტნიორთა მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
ჩეხეთის დელეგაციამ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.