2024 წლის 18 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ერთობლივ სიმპოზიუმში „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ისაუბრა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მეცნიერების განსაკუთრებულ როლზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დიასპორული ინიციატივების ხელშემწყობ სახელმწიფო საგრანტო პროგრამაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ყოველწლიურად ათობით პროექტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ვლადიმერ კონსტანდინიდიმ ვრცლად ისაუბრა ქართული დიასპორის, როგორც ადამიანური კაპიტალის, უდიდეს მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციისა და დასავლური სახელმწიფოს შენების კუთხით. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორის ყოველწლიური დაჯილდოების მთავარ იდეაზეც. კერძოდ, აღნიშნა, რომ დაჯილდოების მიზანია იმ თანამემამულეთა დამსახურების აღიარება, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში წარმატებას მიაღწიეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციის საქმეში.
დასასრულს მინისტრის მოადგილემ წარმატებები უსურვა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გამოთქვა სრული მზადყოფნა ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებისთვის.