საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი საბჭოს სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოკლერ ტურკთან.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლის ვადით და ხაზი გაუსვეს საქართველოს ნაყოფიერ საქმიანობას საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების შესრულების პროცესში. ასევე, დადებითად შეაფასეს საქართველოს წევრობის პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქალთა, ბავშვთა, შშმ პირთა, ეთნიკურ უმცირესობათა, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, გარემოსდაცვითი განზომილების გააქტიურება ადამიანის უფლებათა სფეროში და ა.შ.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და გაეროს უმაღლესი კომისარის მნიშვნელოვან როლს ამ საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების თვალსაზრისით.
აღინიშნა დიდი მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციისა „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც ყოველწლიურად ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების რთულ მდგომარეობაზე ოკუპირებულ რეგიონებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიას და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ სტრატეგიის დამტკიცების ფაქტი. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა უმაღლეს კომისარს საქართველოში უმასპინძლოს.