საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წერილების ურთიერთგაცვლის გზით მიულოცეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე.
მიხეილ ყაველაშვილის წერილში აღნიშნულია, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორის კავშირების სფეროში. ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ორი ქვეყნისა და ხალხების კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
პრეზიდენტის წერილში ხაზგასმულია რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, მხარეებს აქვთ პატივი გამოაცხადონ ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს.