Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება მედიასთან ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან შეხვედრის შემდეგ

ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში, დღეს საქართველოს სტუმრობს შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი იგნასიო კასისი.
 
მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სხვადასხვა ფორმატებში და გვესაუბრა როგორც ეუთოს დღის წესრიგზე, ასევე საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
მიუხედავად ჩვენი კომუნიკაციის სიხშირისა, ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენთვის, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, მადლობას გადავუხდი ბატონ იგნასიო კასისს საქართველოში ჩამობრძანებისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებზე და ორგანიზაციის როლზე.  

ეუთო-ს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ორგანიზაციის დღის წესრიგში. 

ჩვენთვის ეს მნიშნველოვანია, განსაკუთრებით დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. 

შვეიცარია, თავის მხრივ საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. ეუთო-ს თავმჯდომარეობის გარდა, რუსეთ საქართველოს ურთიერთობებში შვეიცარია უკვე მრავალი წელია ასრულებს შუამავლის როლს. შესაბამისად, ამ ორი მოვალეობის თანხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს შვეიცარიას ჩვენი ქვეყნისთვის. 

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოსთვის, კვლავ აქტუალურია კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების ძიება და ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენება ამისათვის. 

ეუთო, გახლავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანა-თავმჯდომარე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რუსეთის მიერ საქარვთველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. 

ბატონ კასისს დღეს ექნება შესაძლებლობა თავად ეწვიოს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე იხილოს უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რაც ერთი მხრივ გულისხმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენასა და შერიგებას. 

ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო აქტუალური და მნიშნველოვანი ხდება. 

ამ მოცემულობაში საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძებული გადაწყვეტილებების მიღება არის ერთადერთი გზა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას, დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მნიშნველოვანი ფუნქციის განხორციელებას. 

ეუთო-ს ფარგლებში ეკონომიკური განზომილება ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელშიც დაკავშირებადობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და საქართველოს როლი ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მზარდ შესაძლებლობებზე. 

ჩვენ ასევე შევეხეთ ეუთო-ს ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას და გამოწვევებს, რომელიც თან ახლავს ორგანიზაციის ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს. 

საქართველო არის ეუთო-ს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპების და პატივს სცემს ორგანიზაციასა და მის ინსტიტუტებს. 

დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას ახლავს თან და კიდევ ერთხელ გამომოვხატავთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპების და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას.