2026 წლის 2 ნოემბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ პროფესიული საქმიანობისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ქვეყნისადმი ერთგულება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ დიპლომატს, ვინც თავისი პროფესიონალიზმით, პრინციპულობითა და ერთგულებით ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის და აკაკი ჩხენკელის სახელობის დიპლომატიური ჯილდოების გადაცემის ცერემონია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, დიპლომატიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდო გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძეს და ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს რევაზ ლომინაძეს.
აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდო დიპლომატიური სამსახურის გამართულად ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავას, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს მაია ბართაიას და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს კონსულს ქეთევან ლაგვილავას.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.