10 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შვეიცარიის ეუთო-ს თავმჯდომარეობასა და ორგანიზაციის როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შვეიცარიის მიერ ნდობის აღდგენისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.