Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში მკაფიო დასტურია იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ორგანიზაციის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორც ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შვეიცარია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეუთო-ს თავმჯდომარეობასთან ერთად, შვეიცარია უკვე მრავალი წელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლს ასრულებს, რაც მის ჩართულობას საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას დაუთმო. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა ეუთო-ს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარის, მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მისი თქმით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელება და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი რჩება ერთადერთ ჩარჩოდ, რომელიც დიალოგის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და მის მძიმე შედეგებზე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულებაზე გააკეთა. 

„საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას, რაც ერთი მხრივ გულისხმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენასა და შერიგებას,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, უზრუნველყოფს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რეგიონში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს ეკონომიკური განზომილების, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით საქართველოს როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სწორედ ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ეკონომიკური განზომილების, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის, მზარდ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ეუთო-ს კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი მონაწილე სახელმწიფოა, რომელიც ერთგულია ორგანიზაციის პრინციპებისა და პატივს სცემს მის ინსტიტუტებს.

"დღეს სრულად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც მრავალმხრივი დიპლომატიის განხორციელებას ახლავს თან და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ პრინციპების და ნორმების დაცვაში, რაც საფუძვლად უდევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები