საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარისთან.
მინისტრის მოადგილემ მოჰამედ ხალედ ხიარის მადლობა გადაუხადა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში, გაეროს ქმედითი როლისა და მჭიდრო პარტნიორობისთვის.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე.
აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, რომლის მიზანია გლობალური
გამოწვევებთან გამკლავება, მრავალმხრივი ფორმატების გაძლიერება და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების ერთგულება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური კოორდინაცია ყველა პრიორიტეტულ საკითხთან დაკავშირებით.