2026 წლის 30 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.
მინისტრის მოადგილე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასამბლეის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე. მიმოიხილა BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ პლატფორმას რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გასაძლიერებლად.
ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა ასამბლეის ფარგლებში განხილულ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული მიმართულებები სრულად შეესაბამებოდა BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითად პრიორიტეტებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც აფერხებს შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უპირობო დაცვით.
2026 წლის 29 ივნისს - 1 ივლისს, საქართველოს პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.
სხდომის დასასრულს, PABSEC-ის თავმჯდომარეობას საქართველო საბერძნეთის რესპუბლიკას გადასცემს.