Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო პოლიტიკის სტრატეგია

2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია


 


თავი 1. შესავალი

2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს და მათი განხორციელების გზებსა და მექანიზმებს. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პირველი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული დონის დოკუმენტია.

სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ასევე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს. დოკუმენტი სრულ თანხვედრაშია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციასა და 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამასთან „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.

დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ. საბჭოს შექმნა ემსახურება საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას, ასევე პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდასა და ერთიანი სამთავრობო მიდგომის შემუშავებას.

სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა.

დოკუმენტის მოქმედების ვადად განისაზღვრა ოთხი წელი - 2019-2022 წლები. სტრატეგიასთან ერთად დამტკიცდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც, რომელიც მოიცავს 2019 წლის პერიოდს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ასევე დამტკიცდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმები.

თავი 2. საერთაშორისო გარემო

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში დინამიურმა და სწრაფად ცვალებადმა პროცესებმა, გლობალიზაციამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფრთხეები და გამოწვევებიც გააჩინა.

სახეზეა გლობალური უსაფრთხოების განმსაზღვრელი საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვა, გამალებული შეიარაღება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური უახლესი ტიპის შეიარაღების გავრცელება და კოსმოსის აქტიური მილიტარიზაცია, მზარდი კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უგულვებელყოფით, ძალისმიერი მეთოდებით მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესების ცვლილების მცდელობა. ამავდროულად, მულტილატერალიზმი და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგება.

ტერორიზმი, რადიკალიზაცია და ძალადობრივი ექსტრემიზმი კვლავ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, შეიარაღებული კონფლიქტები, სამოქალაქო ომები და რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირებები ქმნის საფუძველს ექსტრემისტული და ტერორისტული ჯგუფების გაძლიერებისა და გავლენის გავრცელებისთვის. გაზრდილია მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი კომპონენტების უკონტროლო გავრცელების საფრთხე, მათ შორის ტერორისტული მიზნებისთვის.

მნიშვნელოვნად გაზრდილია კიბერსაფრთხეები, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება „რბილი ძალის“ როლი, რისთვისაც გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებები. ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და სოციალური ქსელების გაზრდილი როლი, ასევე მიზნების მისაღწევად პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მეთოდების გამოყენება ცალკეული ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან დროულად ადაპტირებასა და რეაგირებას მოითხოვს.

ბოლო წლებში ევროპაში პოპულიზმისა და ევროსკეპტიკური ტენდენციების გაძლიერებამ, მიგრაციულმა საფრთხეებმა და რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა დამატებითი კორექტივები შეიტანა კონტინენტის ტრადიციულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და წარმოაჩინა პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა.

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები და ახალი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნა ბევრად უფრო აადვილებს საქონლისა და მომსახურების მიმოქცევას და ხელს უწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. გლობალური მასშტაბით მიმდინარე მეოთხე ინდუსტრიული (ციფრული) რევოლუცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რაც მოითხოვს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებას. პარალელურად, იზრდება ინტერესი როგორც ახალი და განახლებადი (მზის, ქარის და სხვა) ენერგიის წყაროების მოპოვების, ისე ტრადიციული ენერგორესურსების (ნავთობი და ბუნებრივი აირი) ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების მიმართ. თუმცა, იმავდროულად, არსებობს ენერგორესურსებისა და მათი ტრანსპორტირების მარშრუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვის რეგიონზე. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რასაც მოყვა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპაცია, კიდევ უფრო მეტად გააუარესა უსაფრთხოების გარემო რეგიონში, სადაც ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი კონფლიქტები სერიოზულ გამოწვევად რჩება.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მზარდი მილიტარიზაცია, გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია და სხვადასხვა სახის უკანონო შეზღუდვების დაწესება, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.

რუსეთის ფედერაცია თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის მეთოდებს და ცდილობს ბიძგი მისცეს ცალკეული ქვეყნების საზოგადოების ყველა ფენაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული დასავლური ღირებულებების გადახედვის პროცესს.

მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვა მოუწევს რთულ, არაპროგნოზირებად და ტურბულენტურ გარემოში, სადაც სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან ერთად, დიდ როლს ითამაშებს საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველო, როგორც ევროპული ტიპის დემოკრატია, გლობალური და რეგიონული მასშტაბით გააგრძელებს საკუთარი პოზიტიური როლის შეტანას მშვიდობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეალიზაციის კუთხით.

ამავდროულად, არსებული საერთაშორისო გარემო საქართველოსთვის გამოწვევებთან ერთად ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გონივრული გამოყენებით საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. შექმნილ ვითარებაში პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ინსტიტუციური დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და საერთო ევროპულ ოჯახში, ასევე, გლობალური მასშტაბით საქართველოსთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

თავი 3. საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და მოცანები

მიზანი 1: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

აქართველოს უმთავრესი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქვეყნის გასამთლიანებლად საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების უზრუნველყოფა, ქვეყნის დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ამოცანა 1.1: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავება და აღკვეთა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენების გზით. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნება, საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი მხარდაჭერის მობილიზება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმართვა, რათა გამოინახოს გზები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტის სრული, მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან პირობად რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის სრულად და ეფექტიანად შესრულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში.

ამოცანა 1.2: საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანი გამოყენების გზით. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ, საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის შემდგომი გააქტიურება, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების უზრუნველყოფა.

ამოცანა 1.3: ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. აღნიშნულის მისაღწევად უმნიშვნელოვანეს პირობად რჩება საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხის შემდგომი გააქტიურება, საკუთარ სახლებში მათი დაბრუნების პირობების შესაქმნელად საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგიანი დისკუსიების წარმართვა.

ამოცანა 1.4: საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის შერიგების, ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების, მათ შორის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მტკიცე მხარდაჭერის და მათ განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფა. შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცალკეული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის უზრუნველყოფა.

ამოცანა 1.5: საერთაშორისო არენაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება და კონსოლიდაცია, ცალკეულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროაქტიული მუშაობითა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზით. უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი რეგულარულად იყოს ინფორმირებული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, უკანონო ქმედებებისა და მიმდინარე ოკუპაციის შესახებ.

ამოცანა 1.6 კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სამართლებრივი საფუძვლების გამყარება, საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის გზით. უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სასამართლოებთან ეფექტიანი თანამშრომლობის წარმართვა და საქართველოს პოზიციების გამყარება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ დასაბუთებული არგუმენტების წარდგენის გზით.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

ვროკავშირისა და ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტია, რომელიც ეფუძნება საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს, არის ფართო საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი და გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციით.

მიზანი 2: ევროკავშირში გაწევრიანება

აქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის აღიარებისკენ. აქტიურად წარიმართება მუშაობა როგორც არსებული ფორმატების ეფექტური გამოყენების, ისე ახალი წინადადებებისა და ინიციატივების შეთავაზების კუთხით.

ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად, საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს

ამოცანა 2.1: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობების ეფექტური განხორციელება. ეფექტიანი კოორდინაციის გზით პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შემდგომი პროგრესის მიღწევის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის უფრო მეტად გამოყენება, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო პროდუქტების ექსპორტის გაზრდის გზით. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ციფრული სფერო, ელექტრონული კომუნიკაციები) თანამშრომლობის გაღრმავება კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივებით.

ამოცანა 2.2: სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. უსაფრთხოების საკითხებზე არსებული სტრატეგიული დიალოგის შემდგომი გაღრმავება, ტერორიზმთან ბრძოლის, ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერუსაფრთხოებისა და საერთო ინტერესების სხვა საკითხებზე. თანამშრომლობის განვითარება, მათ შორის ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ახალ მექანიზმებსა და პროექტებში ჩართულობის გზით.

ამოცანა 2.3: მიგრაციის სფეროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანების მდგრადი განხორციელება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მობილობის ზრდა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა. ევროკავშირის ინსტიტუტებთან, წევრ-ქვეყნებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობით, მიგრაციული პოლიტიკისა და მართვის სისტემების დახვეწა და უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზაცია. ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ლეგალური (მათ შორის ცირკულარული) მიგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა. „პარტნიორობა მობილობისათვის“ ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტუდენტებისა და მკვლევარების მობილობის ხელშეწყობა.

ამოცანა 2.4: ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის იმპლემენტაცია. ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი დინამიკის შეტანა; არსებული ინსტრუმენტების სრულად გამოყენება და კონკრეტული მიმართულებებით ასოცირების შეთანხმების მიღმა ამოცანების იდენტიფიცირება და განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში ჩართულობის ხელშეწყობა.

ამოცანა 2.5: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ განხორციელება და მონიტორინგი. პარტნიორობის ფარგლებში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების მაქსიმალური გამოყენება. ინკლუზიურობასთან ერთად პარტნიორ ქვეყნებს შორის დიფერენციაციისა და „მეტი-მეტისთვის“ პრინციპების მხარდაჭერა. პარტნიორობის წევრ ასოცირებულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამმხრივ ფორმატში.

ამოცანა 2.6: ევროკავშირის დახმარების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა. ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დახმარების მაქსიმალური მობილიზება და მისი ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა.

მიზანი 3: ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება

აქართველოს აგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს. ნატო-ში გაწევრიანებას საქართველო განიხილავს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, შემდგომი ინსტიტუციური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას. საქართველო სრულად იზიარებს პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლის გარშემოც არიან გაერთიანებული ალიანსის წევრი ქვეყნები. ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში ჩართულობით საქართველო ადასტურებს საკუთარ მზაობას და შესაძლებლობას, ქმედითი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველო, როგორც ნატო-ს სამაგალითო და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყანა, წარმატებით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ალიანსის მხრიდან 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული და არაერთგზის დადასტურებულია, რომ

„საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და ქვეყანას გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და პრაქტიკული მექანიზმის (მათ შორის ძირითადი ინტეგრაციული მექანიზმების - ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის) მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რათა მოემზადოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ამოცანა 3.1: გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და მაქსიმალური გააქტიურება. ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში პოლიტიკური დისკუსიის მაღალი ინტენსივობის შენარჩუნება. ნატო-ს სამიტებისა და მინისტერიალის დონის კომისიის სხდომებზე საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული თემატიკის განხილვა. საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების ინიცირება და კონსენსუსის ფორმირებაზე მუშაობა.

ამოცანა 3.2: საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტეგრაციული მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება, ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ხელთ არსებული ინსტრუმენტის - წლიური ეროვნული პროგრამის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების გაგრძელება. აუცილებელია, წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების ჯეროვნად განხორციელება, ალიანსის მხრიდან უმაღლესი შეფასების შენარჩუნების მიზნით.

ამოცანა 3.3: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტის, ეფექტიანი გამოყენება. საქართველო გააგრძელებს ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence Capacity Building/DCB) ინიციატივის სამაგალითო პროექტად დასახელდა და საქართველო გამოხატავს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავება- განხორციელების ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება DCB ინიციატივის სხვა მიმღები ქვეყნებისთვის. არსებითი პაკეტით გათვალისწინებული შესაძლებლობების ისევე, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის სხვა ფორმატების, სრულად გამოყენება/ათვისების მიზნით გაგრძელდება აქტიური მუშობა ნატო-ს წევრ, პარტნიორ ქვეყნებსა და ალიანსის შესაბამის სამსახურებთან.

ამოცანა 3.4: შავი ზღვის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის მიზნით ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერება. საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და პრაქტიკულ თანამშრომლობას კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებისთვის 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატო-ს მიერ გაცხადებული შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის, 2017 წელს საქართველოს მიერ შემუშავებული შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხზე ნატო-სთან თანამშრომლობის თაობაზე წინადადებებისა და 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე საქართველო-ნატოს თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ამოცანა 3.5: საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საქართველო გააგრძელებს ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო მისიებსა და ნატო-ს საპასუხო ძალებში (NATO Response Force/NRF) მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

ამოცანა 3.6: საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატო-ს წვრთნებსა და სწავლებებში, მათ შორის ნატო- საქართველოს ერთობლივი სწავლებების საქართველოში მასპინძლობა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით. საქართველო გააგრძელებს ნატო-ს წვრთნებსა და სწავლებებში ჩართულობას და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს თავის ტერიტორიაზე შესთავაზებს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას თავსებადობის ამაღლების მიზნით.

ამოცანა 3.7: ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ალიანსთან თავსებადობის გაზრდისა და გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით. გაგრძელდება აღნიშნული პროცესის დიპლომატიური გზებით ხელშეწყობა როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. გააქტიურდება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ფორმატში კონსულტაციები და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღწეული პროგრესის გაზიარება.

მიზანი 4: ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება

აგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების შემდგომი კონსოლიდაციის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც დემოკრატიული, პროგრესული რეფორმების გამტარებელი, სტაბილური, მდიდარი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ევროპული ქვეყნის იმიჯის განმტკიცება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ამოცანა 4.1: დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის გაზრდა. პარტნიორ სახელმწიფოებთან და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობით ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თანამედროვე მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების აუცილებელ წინაპირობას.

ამოცანა 4.2: დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება. წარმატებული რეფორმების წყალობით საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებული მოწინავე პოზიციებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება, საქართველოს, როგორც ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს წარმოჩენის მიზნით.

ამოცანა 4.3: წარმატებული რეფორმების ექსპორტი. საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისთვის და მათ განხორციელებაში დახმარება.

ამოცანა 4.4: საქართველოს, როგორც მდიდარი კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. საერთაშორისო კულტურულ პროცესებში აქტიური ჩართულობის გზით საზღვარგარეთ ქვეყნის შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა.

მიზანი 5: მდგრადი ეკონომიკური განვითარება

აგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს მცირე, ეფექტიანი და გამჭვირვალე მთავრობის პირობებში, ინკლუზიურობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპების დაცვით საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური მდგომარეობის ინსტიტუციური დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან დაახლოება. ქვეყანაში ინვესტიციების და თანამედროვე ტექნოლოგიების/ინოვაციების მოზიდვის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ამოცანა 5.1: აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის განმტკიცება და ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო, ციფრული, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობა. საქართველოსთვის დიდ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროექტებით შექმნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და არსებული სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის სრული რეალიზაცია. პრიორიტეტულად რჩება „სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის“ და სხვა რეგიონული და საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების ეფექტური განხორციელება/ფუნქციონირება და საქართველოს გავლით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება; ზემოაღნიშნულ მიმართულებებში პოტენციურ დონორებთან აქტიური კონტაქტების დამყარება, ინვესტიციების მოზიდვის და თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოტანის ხელშეწყობა.

ამოცანა 5.2: ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების გაფართოება და ექსპორტის ხელშეწყობა. საქართველოსთან თავისუფალი ორმხრივი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნების რაოდენობის მაქსიმალური ზრდა, გეოგრაფიული არეალის კიდევ უფრო გაფართოება და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა/ბაზრების დივერსიფიცირება;

ამოცანა 5.3: საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებში – მსოფლიო და რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმებში, ასევე პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური ჩართულობა. მსოფლიო ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე დიალოგში ჩართვა და ეროვნული ეკონომიკის მოდერნიზაციისა და მოწინავე ბაზრების ფუნქციონირების ინოვაციური მექანიზმების დანერგვის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობის გაღრმავება იმგვარ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკი და სხვა. მნიშვნელოვანია წამყვან რეგიონულ და გლობალურ აქტორებთან თანამშრომლობა დონორული თანხებისა (გრანტები, შეღავათიანი კრედიტები და ტექნიკური დახმარება) და მიზნობრივი პროექტების მოზიდვის მიზნით.

 ამოცანა 5.4: შავი ზღვის ეკონომიკური როლის გაძლიერება. სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდა, რეგიონის ქვეყნებთან ტვირთბრუნვის მოცულობისა და მიმოცვლის სიჩქარის ზრდა, ლოგისტიკური და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების ხელშეწყობა და სხვადასხვა რეგიონიდან (მათ შორის ცენტრალური და შორეული აზიის რეგიონებიდან) ტვირთების მოზიდვა. ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტური გამოყენება. ევროპასთან ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მიზანი 6: დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა

აგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებისა და ღირსების დაცვა, მათთვის თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემა და ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარებაში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

ამოცანა 6.1: დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განმტკიცება. თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების უზრუნველყოფა. დიასპორის კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა. სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი კავშირის განვითარება. ქვეყნის განვითარებისთვის დიასპორაში არსებული პოტენციალის გამოყენება და დიასპორის ჩართულობის გაზრდა. დიასპორის სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა.

ამოცანა 6.2: საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი ინტერესების რეალიზაცია. კვალიფიციური საკონსულო მომსახურების და ოპერატიული საკონსულო დაცვის განხორციელების მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ახალი მექანიზმების დანერგვა. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების უკეთ რეალიზებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით უცხო ქვეყნებთან საკონსულო ურთიერთობების გაღრმავება. საზღვარგარეთ საქართველოს ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნის გზით საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალის გაფართოება. საზღვარგარეთ კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებისას უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარება.

თავი 4. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები

1. ორმხრივი დიპლომატია

აგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის აქტიურად იქნება გამოყენებული ორმხრივი დიპლომატია, როგორც ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი საერთაშორისო პარტნიორებთან პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებისა და ურთიერთობებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციისთვის. ორმხრივი დღის წესრიგის სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობასა და პარტნიორ ქვეყნებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება

ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავება სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციისა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს საერთო ღირებულებები და სტრატეგიული ინტერესები, რომელთა მიღწევა გაიოლდება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის ისეთი ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიით გათვალისწინებული ოთხი სამუშაო ჯგუფი (თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის; დემოკრატიისა და მმართველობის; ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების) და ყოველწლიური შემაჯამებელი/ომნიბუს შეხვედრები.

თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები:

აშშ-ის კონგრესში არსებული საქართველოს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარების (მათ შორის, GDRP-ის პროგრამის ეფექტური იმპლემენტაცია, ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო წვრთნების გაგრძელება და გაფართოება, ასევე, ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს განვრცობა), ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის ახალი ორმხრივი ხელშეკრულებების საშუალებით. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის მიმართულებებით.

აშშ-ს მხრიდან საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცება. „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა“ (MCC) და „აშშ-ს განვითარების სააგენტოს” (USAID) ფარგლებში, საქართველოში ეკონომიკური და ინსტიტუციური დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელებაში აშშ-ის მხარდაჭერის (ფინანსური და ექსპერტული) უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობა.

ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა. აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სავაჭრო წარმომადგენლის ოფისთან თანამშრომლობა საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ასევე ვაჭრობის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კუთხით რეგიონული ჰაბის პოტენციალის განმტკიცების, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების კუთხით პროგრესის მიღწევის მიზნით.

აშშ-ში საქართველოს პოპულარიზაცია. აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნებისა და აშშ-ის საზოგადოებაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, აშშ-ის წამყვან აკადემიურ და ბიზნეს-წრეებთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან, მედიასთან, საქართველოს მხარდამჭერ ჯგუფებთან, აშშ-ში ქართულ დიასპორასა და ახალგაზრდულ გაერთიანებებთან აქტიური თანამშრომლობა.

კანადა

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან. ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მნიშვნელოვანი იქნება მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება და განვითარება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, მათ შორის ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კანადის მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით საქართველოსთვის პრიორიტეტულად რჩება კანადასთან „უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება, რომლის შემდეგაც წარიმართება აქტიური კონსულტაციები ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.

ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორიენტაცია

აქართველოსთვის, გორც ევროპული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება. ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველყოფისა და არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაციისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. პრიორიტეტული იქნება საერთო გამოწვევებთან, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა და ორმხრივი დღის წესრიგის სხვა აქტუალური საკითხები.

საქართველო გააგრძელებს მუშაობას ევროპის წამყვან ქვეყნებთან როგორც არსებული ინსტიტუციური ფორმატების გამოყენებით, ისე ახალი ფორმატების შექმნით, უფრო მაღალი დონის თანამშრომლობის მიღწევისა და ურთიერთობების სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანის მიზნით.

პრიორიტეტად რჩება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის შენარჩუნება და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება, მათ შორის გერმანიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციების უმაღლეს და მაღალ დონეზე მხარდაჭერის, არაღიარებისა და შერიგების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა. ხელი შეეწყობა ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობას, გერმანული ინვესტიციების მოცულობის გაზრდასა და ამ მიზნით თანამშრომლობის ახალი მექანიზმის - რეგულარული ეკონომიკური მისიების სათანადოდ გამოყენებას. ყურადღება დაეთმობა გერმანიის ფედერალურ მიწებთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება საფრანგეთის რესპუბლიკასთან „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ ამოქმედებას და ამ პლატფორმით გათვალისწინებული თანამშრომლობის მიმართულებების ეფექტიან ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ხელი შეეწყოს საქართველოს რეფორმების სრულფასოვნად წარმოჩენას და საფრანგეთის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შემდგომ კონსოლიდაციას, ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობას.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გერმანულ-ფრანგულ- ქართული სამმხრივი ფორმატის (პოლიტიკური სამკუთხედი) მდგრად და გრძელვადიან, სამივე ქვეყნისათვის სასარგებლო და ღირებულ ინსტრუმენტად ჩამოყალიბებას და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ თანამშრომლობის ფორმირებას, რაც ახალი რეალობის გათვალისწინებით, მოიცავს ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების სრულად ათვისებას ყველა მიმართულებით. თანამშრომლობის სამომავლო განვითარება უნდა დაეფუძნოს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. პოლიტიკური დიალოგის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინოვაციის, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ხალხთაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატი. ორმხრივ ურთიერთობებში პრიორიტეტულობას შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაძლიერდება შემდეგი მიმართულებები: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა; ქვეყნის დეოკუპაციის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს როლის გაძლიერება; საერთო ევროპული და გლობალური საფრთხეების და გამოწვევების მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება; სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ბიზნეს კავშირების გაღრმავება; საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში მჭიდრო თანამშრომლობა; ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომი განვითარების მიზნით ბრიტანული გამოცდილების გაზიარება.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ნორდიკულ ქვეყნებთან მიმდინარე დინამიკის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის ახალი მექანიზმების ფორმირებას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე სხვა დარგობრივი მიმართულებით. საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში ამ ქვეყნების განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინებით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში აქტუალობას შეინარჩუნებს გამოცდილების გაზიარება საქართველოს მდგრადი ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

აქტუალურ მიმართულებად რჩება ბენილუქსის ქვეყნებთან ურთიერთობათა შემდგომი განვითარება და გაღრმავება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალიასთან თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სექტორული მიმართულებებით, ახალი ინიციატივებისა და თანამშრომლობის არსებული ფორმატების ეფექტიანი გამოყენების გზით.

პრიორიტეტულია ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიის რესპუბლიკასთან არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარება და თანამშრომლობის ახალი მექანიზმების ფორმირება.

დღის წესრიგში დარჩება ირლანდიის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია როგორც ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონტექსტში.

აქტუალურობას შეინარჩუნებს ავსტრიის რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციასთან თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ინვესტიციების შემდგომი მოზიდვის კუთხით. უაღრესად მნიშვნელოვანია შვეიცარიის, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლი.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საბერძნეთთან და კვიპროსთან ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება, დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის სრულფასოვნად ათვისება. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ბალტიის ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. განსაკუთრებით ფასეულია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას რესპუბლიკების ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერის კონსოლიდირების მიზნით. გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მხრივ, ასევე, გამოცდილების გაზიარება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული ქვეყნების ჩართულობის ზრდისთვის საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური დემოკრატიის რეფორმებში.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება. მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის ფონზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ვიშეგრადის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობაზე.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია პოლონეთის ძალზედ აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შენარჩუნება და გაგრძელება. ორი ქვეყნის ინტენსიური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატების ფუნქციონირების ეფექტიანობის კიდევ უფრო გაძლიერების უზრუნველსაყოფად, აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული პოლონეთთან არსებული „თბილისის კონფერენციის“ გაფართოებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატად გარდაქმნისკენ. ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასევე რჩება ცირკულარული მიგრაციის სამართლებრივი ბაზის ფორმირება.

შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა და შავი ზღვის ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში, უფრო მეტად გაღრმავდება თანამშრომლობა ბულგარეთთან და რუმინეთთან. რუმინეთთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ხელი შეეწყობა შავი ზღვის სატრანზიტო/სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეკონომიკური როლის ზრდას.

მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაღრმავება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივისა და ნატო-სთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით.

მნიშვნელოვანი იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებულ ქვეყნებთან - უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნება. ერთმანეთის მსგავსი საგარეო პოლიტიკური მიზნების, პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა. მნიშვნელოვანი იქნება სტრატეგიული პარტნიორობის ოთხივე მექანიზმის (პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვა და უსაფრთხოება, კულტურულ-ჰუმანიტარული) ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ასოცირებული წევრების სამმხრივი ფორმატების (საქართველო- უკრაინა-მოლდოვა) ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურება და კოორდინირებული პოლიტიკის გატარება.

ასევე გაგრძელდება მეგობრული ურთიერთობების განვითარება ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკა

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ მოკავშირესთან და ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთის რესპუბლიკასთან არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ორმხრივ სარგებელზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, ეკონომიკურ, სატრანსპორტო/სატრანზიტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცებასა და ახალ საფეხურზე აყვანას.

საქართველოსთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ამ მხრივ გაგრძელდება ყველა არსებული ფორმატით ურთიერთობათა შემდგომი განმტკიცება და ახალი ინიციატივების დაყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციების, სატრანზიტო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება და კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრის შემდგომ გაჩენილი ახალი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება. დიდი ყურადღება მიექცევა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მჭიდრო კოორდინაციითა და ერთობლივი ძალისხმევით შუა აზიიდან კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვას.

ასევე, საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გაძლიერებისკენ.

ტრადიციულად, პრიორიტეტულად რჩება სომხეთთან არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება და სექტორული თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ქვეყანაში განვითარებული პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით.

საქართველოს უმთავრეს მიზანს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება წარმოადგენს. საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, სადაც გაგრძელდება მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების, მათ შორის, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის, ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ორმხრივ ფორმატს.

აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება

საქართველოსთვის პრიორიტეტულად რჩება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ, ასევე სამართლებრივ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სატრანსპორტო/სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების ზრდას და არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. ასევე, მუშაობა გაგრძელდება ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განმტკიცებისა და ამ კუთხით საქართველოს წარმოჩენის მიზნით.

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.

საქართველო აქტიურად გააგრძელებს რეგიონის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ინდოეთთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობების განხილვის, და სამეცნიერო-კულტურული მიმართულებებით.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარებული ტემპებით მოხდეს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური, მსუბუქი მრეწველობის დარგში, ასევე პაკისტანური ტვირთების სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო კორიდორში მოზიდვის კუთხით.

გაგრძელდება იაპონიასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ინვესტიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვის კუთხით.

საქართველოსათვის მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება სავაჭრო-ეკონომიკური, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

პრიორიტეტად რჩება კავშირების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან. ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანის საკითხი. მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ტაილანდთან. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მალაიზიასა და ინდონეზიის რესპუბლიკასთან გააქტიურებულ ურთიერთობებს და მიზნად ისახავს არსებული დინამიკის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და სექტორული თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია ურთიერთობების შემდგომი განვითარება ავსტრალიის თანამეგობრობასთან და ახალ ზელანდიასთან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორებს, როგორც ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების, ისე ოკეანეთის რეგიონში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რეგიონში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

აზიისა და ოკეანეთის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების ახალი ფორმატებისა და მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გააქტიურებას.

ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება კავშირშია საქართველოს ინტერესებთან გეოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.

ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ახლო კავშირების გათვალისწინებით, აქტიური მუშაობა წარიმართება ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო- კულტურულ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაგრძელება. საქართველო გააგრძელებს ირანთან ორმხრივი ურთიერთობების წარმართვას ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასა (OIC) და არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში (LAS) შემავალ ქვეყნებთან ცნობადობის ამაღლების, ტურიზმის, სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

გაგრძელდება ძალისხმევა, აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებთან პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებისა და განვითარების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდება პოლიტიკური, სავაჭრო- ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის მათთვის გაზიარებაზე.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას. რეგიონალური ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო აქტიურად იმუშავებს ღია მმართველობის, ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში ლათინური ამერიკისა და კარიბეთის რეგიონის ქვეყნებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად.

საქართველოსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია თანამშრომლობის გაღრმავება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებთან - ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, არგენტინის რესპუბლიკასთან, მექსიკის შეერთებულ შტატებსა და კუბის რესპუბლიკასთან ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში.

2. მრავალმხრივი დიპლომატია

აქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალმხრივი დიპლომატიის აქტიურად გამოყენება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან კომპლექსური მუშაობა. აქტიურად გაგრძელდება საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს კანდიდატების დანიშვნის ხელშეწყობა.

ძალისხმევა მიმართული იქნება გაერო-ს საქმიანობაში საქართველოს ჩართულობის შემდგომი გააქტიურებისა და ორგანიზაციის ქმედით მუშაობაში მეტი წვლილის შეტანის უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება გაერო-ს ძირითადი ორგანოების, მათ შორის უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის, საქმიანობასა და მაღალი დონის ფორუმებში მონაწილეობა და გაერო-ს შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, მათ შორის, რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფის, ქვეყნის დეოკუპაციის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისთვის.

ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „აფხაზეთიდან, აქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის ყოველწლიურად მიღება და სხვა შესაძლო ინიციატივებსა, თუ რეზოლუციებზე მუშაობა.

მუშაობა წარიმართება გაეროს სამდივნოსთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, აგრეთვე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ გაეროს შესაბამისი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

გაეროსთან თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მდგრადი განვითარების შესახებ გაეროს 2030 დღის წესრიგის შესრულებას, მდგრადი განვითარების 17 მიზნის იმპლემენტაციის გაუმჯობესებისა და საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაზიარების მიზნით. საქართველო, ასევე განაგრძობს გაეროს დღის წესრიგში აქტუალურ სხვა საკითხებზე, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის რანგში ქალთა უფლებების დაცვაზე, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში აქტიურ მონაწილეობას.

საქართველო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შემდეგაც გააგრძელებს ყოველწლიური რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ინიცირებასა და მის მხარდამჭერთა რაოდენობის შენარჩუნებასა და შემდგომ გაზრდას. ასევე გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებთან, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტიანად დაცვის, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

გაერო-ს ფარგლებში საქართველო ითანამშრომლებს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვისა და მათზე საპასუხო მექანიზმების შემუშავების მიზნით, ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მსოფლიოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გაერო-ს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ორგანოებში წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების კოორდინაციის პროცესს.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის გახსნას, რომელსაც ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. კვლავაც დიდი ყურადღება დაეთმობა ეუთო-ს საქმიანობის დღის წესრიგში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სპეციალური ღონისძიებების გამართვას და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული საკითხის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში ასახვის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შემდგომი გაფართოებისა და ჯგუფის მიერ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების გაგრძელების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანი იქნება ეუთო-ს ყოველწლიურ მინისტერიალებსა და კონფერენციებში სამხედრო- პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და ადამიანური განზომილების სფეროებში ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებში მონაწილეობა და ქვეყნის ინტერესების დაცვა და გატარება. გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ეუთო-ს სათანადო ინსტიტუტებთან, მათ შორის დემოკრატიული

ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან.

2019 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე საქართველო გახდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის საკითხზე შეხვედრების (CM-DH) თავმჯდომარე, ხოლო 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

საქართველო კვლავ დიდ ყურადღებას დაუთმობს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ყოველკვირეული სხდომების დღის წესრიგში თემის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ - შენარჩუნებას. აქტიურად წარიმართება მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა დროული აღსრულების მიზნით. გადაიდგმება ნაბიჯები, რათა გაგრძელდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ და ასევე, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებების მომზადების პრაქტიკა.

საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხების ადეკვატურად ასახვისა და რუსეთის ფედერაციისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კუთხით პროგრესის მიღწევისკენ.

გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების შესრულების, ასევე ევროპის საბჭოს სხვადასხვა მონიტორინგის მექანიზმთან თანამშრომლობის კუთხით, რომელთა რეკომენდაციებიც მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა სრულყოფის კუთხით.

საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას სუამ-ის ფარგლებში აქტუალური რეგიონული საკითხების განხილვის, ახალი ინიციატივების დაყენების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის კუთხით. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ასევე, ჩამოყალიბდეს სუამ+-ის ახალი ფორმატები გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების მიზნით.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC)

არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასა (OIC) და არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან (LAS) კონსტრუქციული და ფართო სპექტრის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებისა და თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აფრიკის კავშირთან, დასავლეთ აფრიკის კავშირთან, სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობასთან (SADC) და სხვა რეგიონულ გაერთიანებებთან ურთიერთობათა გაღრმავებას.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN), აზია-ევროპის ფორუმთან (ASEM) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან (AIPA) თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მათ შორის „სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებასთან“ მიერთებით შექმნილი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გაგრძელდება მუშაობა ლათინური ამერიკისა და კარიბეთის რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. საქართველოს ამ მიმართულებით გააჩნია საკმაოდ მძლავრი პოტენციალი, რადგანაც ის არის ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) მეგობართა ჯგუფის წევრი, აკრედიტებულია კარიბეთის გაერთიანებაში (CARICOM) და სარგებლობს დამკვირვებლის სტატუსით ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციასა (OAS) და წყნარი ოკეანეთის ალიანსში (Pacific Alliance). გააქტიურდება მუშაობა აღნიშნული რეგიონული ორგანიზაციების სამიტებსა და შეხვედრებში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და საპარლამენტო კავშირების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისი ყურადღება მიექცევა სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზრის სისტემასთან (Mercosur) საქართველოს შემდგომ დაახლოებას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

პრიორიტეტულად რჩება ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობასთან (CPLP) სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა.

3. საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა

აქართველოსთვის პრიორიტეტულია მსოფლიოში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და მათთან დაკავშირებული რისკების პრევენცია, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის, ისე სათანადო შეთანხმებებსა და კონვენციებთან მიერთებისა და მათი განხორციელების გზით.

საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მისიებში მონაწილეობა. საქართველო აქტიურად გააგრძელებს მოკავშირეებთან ერთად სხვადასხვა სახის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ნატო-სა და ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ მისიებში ჩართულობაზე ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

ახალი ტიპის საფრთხეებთან - საერთაშორისო ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მათი პრევენცია. საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას საერთაშორისო, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში სხვადასხვა სახის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებებთან (ადამიანებით ვაჭრობა, ნარკოდანაშაული და ნარკოტრეფიკი, კიბერდანაშაული, იარაღით უკანონო ვაჭრობა და სხვ.) ბრძოლისა და პრევენციის კუთხით. ამ მხრივ, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი), Eurojust-თან და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ინტერპოლი) აქტიური თანამშრომლობა პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების, მეკავშირე პროკურორების ან/და მეკავშირე ოფიცრების ქსელის ეფექტური გამოყენებით. ამასთან, საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩართულია როგორც „დაეში“-ს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის, ისე სხვა მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში; წარმოადგენს გაერო-სა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების/ოქმების წევრ სახელმწიფოს; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათ შორის, კონტრტერორისტული შესაძლებლობების განვითარების, სამართლებრივი ბაზის შემდგომი დახვეწა/განვითარების, ინფორმაციის სწრაფი და ოპერატიული მიმოცვლისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით. მაღალი რჩება ოკუპირებული რეგიონებიდან ან/და მათი გავლით იარაღის უკანონო ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის, ასევე ფულის გათეთრების, სხვადასხვა ფინანსური მაქინაციებისა და სხვა ტრანსნაციონალური და ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულების რისკი, რომელთა პრევენციაც საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი კომპონენტების უკონტროლო გავრცელების პრევენცია.

მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თვალსაზრისით (რისთვისაც შესაძლოა, გამოყენებული იქნას საქართველოს ოკუპირებული რეგიონები) საქართველო მაღალი რისკის მქონე რეგიონის მახლობლად მდებარეობს, ამიტომ საჭიროა აქტიური ძალისხმევა აღნიშნული მცდელობების აღკვეთისთვის, რაც თავის მხრივ, გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინირებას.

ენერგეტიკული უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. მსოფლიოში ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნისა და მიწოდების გზების დივერსიფიცირების საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკუთარი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის როლის გაძლიერება ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ალტერნატიული მარშრუტების განვითარების კუთხით. ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა განახლებადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგიის ათვისების მიმართულებით საერთაშორისო ფონდებისა და საქმიანი წრეების მაქსიმალურ ჩართულობაზე. საერთაშორისო მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო განაგრძობს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლას და სხვადასხვა სფეროებში შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერას/განხორციელებას.

4. ეკონომიკური დიპლომატია

აქტიური ეკონომიკური დიპლომატია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს და ქვეყნის კეთილდღეობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სხვადასხვა პროფილურ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესების დაცვა, ასევე სხვადასხვა ინიციატივების ინიცირება და მხარდაჭერა. საერთაშორისო ორგანიზაციების, ფორუმების, მულტინაციონალური კორპორაციების ფილიალების, წარმომადგენლობების, რეგიონული ცენტრების საქართველოში დაფუძნება-განთავსების ხელშეწყობა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) შემდგომი დაახლოება და კავშირების განმტკიცება. თანამშრომლობა ძირითადად ფოკუსირებული იქნება ინსტიტუციური რეფორმების, ეფექტური მმართველობის, სავაჭრო-ფინანსური და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებებზე.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა სამთავრობათაშორისო ეკონომიკურ კომისიებსა და ბიზნეს ფორუმებში. რეგიონების დამეგობრების პროცესის ხელშეწყობა.

მუშაობა უცხოეთის ბიზნეს-წრეებთან. უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, ასევე უცხოურ საქმიან წრეებთან აქტიური კავშირები, მათი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ხელშეწყობა, უცხოეთში საინვესტიციო ფონდებთან, ბიზნეს- საკონსულტაციო ცენტრებთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საერთაშორისო არენაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს წარმოჩენა. უცხოურ მასმედიაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება (ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების შესახებ).

ეკონომიკური დესპანის ინსტიტუტის ეფექტური გამოყენება. საქართველოსთვის დიდ მნიშვნელობას იძენს საზღვარგარეთ მივლენილი ეკონომიკური დესპანების ეფექტური გამოყენება, რაც ქართული ექსპორტისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი საშუალება იქნება.

ქართული ბიზნესის მხარდაჭერა/ლობირება. საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოზიციების გამყარება, პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის პოპულარიზაცია. საზღვარგარეთ გამოფენებში, ფორუმებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობა. საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის განმტკიცება და სექტორული ტურიზმის (ბიზნეს და საკონვენციო ტურიზმის, ახალგაზრდული ტურიზმი, სარეკრეაციო ტურიზმი, ეკოტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ბალნეოლოგიური და კლიმატური ტურიზმი და სხვა) განვითარების ხელშეწყობა. უცხოეთში ქართული ბიზნეს სუბიექტების უფლებების დაცვა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ინტელექტუალური საკუთრებისა და ქართული სავაჭრო ნიშნების დაცვა. პრიორიტეტული იქნება ეკონომიკის ისეთი თანამედროვე დარგების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური დარგები და ციფრული ეკონომიკა.

5. კულტურული დიპლომატია

აზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც უძველესი ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყნად წარმოჩენისათვის მნიშვნელოვანია აქტიური კულტურული დიპლომატიის წარმოება.

საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გამოყენებით ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ასევე ქვეყნის სავაჭრო-საინვესტიციო გარემოს და მისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ ქართული კულტურის დღეების გამართვის, საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. მოხდება როგორც ქართული კულტურის მრავალფეროვნების და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, ასევე თანამედროვე ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმოჩენა. განხორციელდება აქტიური კულინარიული დიპლომატია ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით. გაგრძელდება საქართველოს ღვინის უძველესი კულტურის ქვეყნად პოზიციონირება.

საქართველოს, როგორც ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს თანამედროვე ევროპული დემოკრატიის, სტაბილური, მდიდარი თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყნად წარმოჩენა, რომელიც პატივს სცემს დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს, მონაწილეობს მათ პოპულარიზაციასა და დაცვაში. ამავდროულად, უნდა გამყარდეს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კულტურული პროცესების აქტიური მონაწილისა და კონტრიბუტორის იმიჯი. ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ხალხთაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება და ქართული კულტურისა და ხელოვნების, როგორც ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილის, წარმოჩენა. ევროპის კულტურულ სივრცესთან დაახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებში (ვენეციის ბიენალე, პრაღის კვადრიენალე, საერთაშორისო წიგნის ბაზრობები, კინოფესტივალები და სხვა). ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „ევროპა საქართველოში“ და „საქართველო ევროპაში“.

საქართველოს, როგორც რეგიონის კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბის პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ამ სფეროების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით მათი ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, ევროკავშირის კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებსა და ევროპულ, საერთაშორისო, რეგიონულ ქსელებში, პლატფორმებში ქვეყნის ჩართულობის გაფართოება და ქართული განათლების, კვლევითი და კულტურული სივრცის საერთაშორისო მიმზიდველობის გაზრდის ხელშეწყობა.

უცხოეთში ქართული ენის, ლიტერატურის, ქართველი ავტორებისა და მწერლების პოპულარიზაცია. ქართული ენისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით გაგრძელდება ქვეყნის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში (ენების ევროპული დღე; წიგნის საერთაშორისო ბაზრობები, მათ შორის ფრანკფურტის, ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის ბაზრობები და სხვა). ლიტერატურული თარგმანების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქართველი მწერლების შემოქმედების ინტერნაციონალიზაცია და თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში ჩართულობა. ასევე ძალისხმევა მიმართული იქნება საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებისა და ქართული კულტურის კერების გაძლიერებისკენ.

საზღვარგარეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საზღვარგარეთ ქართული არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის, დოკუმენტირების, დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციასთან (UNESCO) თანამშრომლობის გაღრმავება, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება; მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას UNESCO-სთან ორგანიზაციის კომპეტენციის სფეროებში შემავალ კონვენციებში, პროგრამებსა და პროექტებში ქვეყნის ჩართულობის, ორგანიზაციის არჩევით ორგანოებში ქვეყნის წევრობის, ორგანიზაციის ფორმატით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ქვეყნის აქტიური მონაწილეობის, საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისა და არამატერიალური მემკვიდრეობის წარმოჩენის კუთხით. კულტურის ეკონომიკის განვითარების მიზნით, გაღრმავდება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ეგიდით სახელოვნებო და კულტურული ღონისძიებების მოწყობას.

ახალგაზრდების მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდების საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო სფეროებში, აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით, მათი პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით.

6. სტრატეგიული კომუნიკაციები

აქართველოს შესახებ საზღვარგარეთ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან საგარეო კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის განმტკიცება და სტრატეგიული კომუნიკაციების შემდგომი გაძლიერება.

საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის ამაღლება. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობისა და საზღვარგარეთ საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით დაიგეგმება და განხორციელდება თემატური საკომუნიკაციო კამპანიები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა მედია საშუალებებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო, აკადემიურ და ანალიტიკურ ცენტრებთან.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების პროცესის მიმართ მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნით, დაიგეგმება და განხორციელდება საინფორმაციო კამპანიები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს მოსახლეობას მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის, ასევე, ამ კუთხით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

საქართველოს მოსახლეობაზე მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება. განხორციელდება საინფორმაციო გარემოს აქტიური მონიტორინგი და ანალიზი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, რათა გამოვლენილი იქნას შესაძლო დეზინფორმაციის ფაქტები და დაიგეგმოს შესაბამისი საპასუხო ღონისძიებები.

სახალხო დიპლომატია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სახალხო დიპლომატიის განვითარებასა და ხალხთაშორის კონტაქტების განმტკიცებაზე. მოხდება საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ქალაქებს, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის კონტაქტების დამყარება და გაღრმავება.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. გაძლიერდება თანამშრომლობა საქართველოში სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო, კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელებაში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე ერთიანი, კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების გატარების მიზნით.

თავი 7. ინოვაციური და მოქალაქეებზე ორიენტირებული დიპლომატიური სამსახური

აგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დიპლომატიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვა, რაც განხორციელდება ინოვაციური მიდგომებითა და ორიენტირებული იქნება ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

ამ მიზნით დაგეგმილია:

გადაფარვის ქვეყნების რაოდენობის გაზრდა, საზღვარგარეთ ახალი წარმომადგენლობების გახსნა და საპატიო კონსულების ინსტიტუტისა და ქსელის შემდგომი გაფართოების ხელშეწყობა. გაგრძელდება მუშაობა გადაფარვის ქვეყნების გაზრდისა და დარჩენილ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული მსოფლიოს მასშტაბით პრიორიტეტულ რეგიონებში ახალი წარმომადგენლობების გახსნაზე.

თანამშრომლების განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა. დიპლომატების განვითარების, კარიერული ზრდისა და მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა სისტემაში დანერგილი შესრულებული სამუშაოს ობიექტური და სამართლიანი შეფასების გზით.

პროფესიული განათლებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამებით დიპლომატიური სამსახურის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უზრუნველყოფა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის ანალიტიკური და კვლევითი პროდუქტების მომზადება.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. გენდერული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად, ქალთა შესაძლებლობებისა და ჩართულობის გაზრდის მეშვეობით გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის გაძლიერება და მხარდაჭერა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საქმისწარმოების ელექტრონული პროცესის გამარტივებას, უზრუნველყოფილი იქნება ინსტიტუციური მეხსიერების გადატანა ციფრულ ფორმატში და ჩამოყალიბდება მაღალი რანგის ღონისძიებების მართვის სისტემა.

თავი 6. საგარეო პოლიტიკის ერთიანი სამთავრობო მიდგომით განხორციელება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, პრინციპულ მნიშვნელობას იძენს პროცესებში მონაწილე სამთავრობო უწყებათა შეთანხმებული, კოორდინირებული, ერთიან მიდგომებსა და ხედვაზე დაფუძნებული ქმედებები.

სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნებისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და მათთან დაკავშირებული აქტივობების შესრულების/პროგრესის მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის მეშვეობით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელების მაკოორდინირებელ უწყებას, შესაბამისი უწყებების მხრიდან წარედგინება სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შემდეგ, მოხდება წლიური ანგარიშების წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის.