გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოთქვა რომ 2026 წელს საქართველო გაერო-ს სერვისების განვითარების მაღალი დონის ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუას.
გაერო-ს წარმომადგენლის მხრიდან აღინიშნა, რომ ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების პროცესს და აფასებს ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას. განსაკუთრებით მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზნის შესრულების კუთხით, რაც გულისხმობს კორუფციისგან თავისუფალი, ანგარიშვალდებული, გამჭირვალე ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას და ამ კუთხით გატარებული რეფორმების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაზიარების მზაობას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მართვის მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს თბილისი უმასპინძლებს. თავის მხრივ ლი ჯუნჰუამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მზაობისთვის უმასპინძლოს ფორუმს, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე კიდევ ერთხელ მოახდინოს საჯარო მმართველობის სფეროში ქვეყნის წარმატების დემონსტრირება.
შეხვედრაზე ასევე მიმოხილული იქნა გაეროს ცალკეულ ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაესვა გაერო-ს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და ორგანიზაციის ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.