2026 წლის 18 ივნისს, დასრულდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების პროგრამა ახალგაზრდა საჯარო მოხელეებისთვის - „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“, რომელშიც ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროგრამის მონაწილეებს გაწეული ძალისხმევისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, მან აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ამ ინიციატივას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის. მისი მიზანი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია: დაგაახლოვოთ საქართველოს და ავაშენოთ კავშირები ჩვენს სახელმწიფოებს, ინსტიტუტებს, საზოგადოებებსა და ხალხებს შორის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში ბოლო წლების მანძილზე მიღწეულ პროგრესზე, რაც სტაბილურად აისახება შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში.
„ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მრავალ გამოწვევას გაუძლო, ომების თუ გარდამავალ პერიოდების სახით. ამის მიუხედავად, საქართველო რეფორმების, მდგრადი განვითარებისა და განახლების ერთგული დარჩა. საქართველო, მიუხედავად მცირე ზომისა, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ეკონომიკის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრად თავის დასამკვიდრებლად. საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულ პროგრამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლიდან ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდის და დიპლომატიური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას. პროგრამა მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ქვეყნების საჯარო მოხელეებს მათთვის ქვეყნის გაცნობის, საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესის და გამოცდილების გაზიარების, ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის წარმოჩენის და პროფესიული კავშირების გაღრმავების მიზნით.
პროფესიული განვითარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების და უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობითა და მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ეწვივნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.
18 ივნისს გამართულ პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პროგრამის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.